სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის ბატონის სასახლის ტერიტორიაზე სპეციალისტებმა მუშაობა დაიწყეს
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა თელავში ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორია დაათვალიერეს.
ტერიტორიას შეისწავლიან ღონისძიების რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი და მხატვარი თამარ ფოცხიშვილი.
ბასა ფოცხიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველოს ჰიმნთან ერთად კახური მრავალჟამიერიც შესრულდება. რეჟისორის თქმით, ინაუგურაციის სტილისტიკა და დეკორაცია მორგებული იქნება არსებულ გარემოსთან.
„დეკორაცია თანხვედრაში იქნება არსებულ გარემოსთან, თუმცა არსებობს ოფიციალური ნაწილიც, რაც მოიცავს გერბს, დროშას, მაგრამ ესეც იქნება მორგებული გარემოზე. სტილისტიკა კი იქნება ზომიერი, ელეგანტური, ღირსეული და ისეთი, რომელიც საქართველოს კულტურას შეეფერება. შევეცდებით, რომ ყველაფერი ეს მისადაგებული იყოს ქართულ კულტურასთან. საქართველო ყოველთვის იყო ევროპული კულტურის ნაწილი და ქართული კულტურა მოიცავს ევროპულ ელემენტებს. მუსიკალური მხარე ინაუგურაციაზე არის ჰიმნი და მინდა, რომ მრავალჟამიერიც შესრულდეს. ინაუგურაციისთვის მოსამზადებელი პრაქტიკული სამუშაოები დღესვე დაიწყება – კონკრეტულად, ინაუგურაციის სცენარზე და ესკიზზე“, – განუცხადა knews.ge-ს ბასა ფოცხიშვილმა.
ინაუგურაციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, მხატვარი თამარ ფოცხიშვილი ვერ აკონკრეტებს, ბატონის ციხის ტერიტორიის რა ნაწილში დადებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ფიცს, თუმცა მიიჩნევს, რომ ღონისძიების დროს აუცილებელია ერეკლე მეფის სასახლე და კარის ეკლესია მოხვდეს კადრში.
,,უნდა გადაწყდეს რა მიმართულებით იქნება ძირითადი სცენა მოწყობილი, ასევე უნდა ჩატარდეს აზომვითი სამუშაოები სტუმრების განთავსებისთვის და ტრიბუნებისთვის. მეფის სასახლის პირდაპირ არის ეკლესია, ამ ორივე ძეგლს ფუნდამენტური დავირთვა აქვს და ოირივე უნდა ჩანდეს კადრში. აქ იმდენად ტრადიციული, კახური გარემო გვაქვს, მისი სტილის დაკარგვა არ შეიძლება’’,- განუცხადა Knews.ge-ს თამარ ფოცხიშვილმა.
თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი გურამ ურჩუხიშვილი მიიჩნევს, რომ ბატონის ციხის ტერიტორიაზე ინაუგურაციის გამართვა ხელს შეუწყობს ტურუსტების რაოდენობის გაზრდას.
„ძალიან კარგია ეს ინიციატივა, რომ ინაუგურაცია თბლისის მაგივრად თელავში ჩატარდება. ვფიქრობთ, ცერემონია კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში გაიმართება, ვინაიდან ყველა ძეგლი აქეთ არის განთავსებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს მუზეუმის პოპულარიზაციას“, – განუცხადა Knews.ge-ს გურამ ურჩუხიშვილმა.
თელავში პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მნიშვნელობაზე საუბრობენ ადგილობრივები. ისინი ამბობენ, რომ ისტორიულ მუზეუმში ინაუგურაციის ჩატარება კახეთის რეგიონის და მითუმეტეს თელავის პოპულარიზაციას კიდევ უფრო გაზრდის.
,,ინაუგურაციის აქ ჩატარება მნიშვნელოვანი ფაქტია. ჩემთვის პრეზიდენტის განცხადებას არ აქვს მნიშვნელობა, ჩემთვის მთავარია ის საქმე, რომელიც მან უნდა გააკეთოს. თავისთავად ეს ხელს შეუწყობს თელავის პოპულარიზაციას, მაგრამ ადგილობრივებმა შემდეგ იმაზე უნდა ვიფიქროთ, ამას რაში გამოვიყენებთ და რა შესაძლებლობებს მოგვცემს ჩვენ’’,- განუცხადა knews.ge-ს თელაველმა არჩილ მჭედლიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.
ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი