NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არჩევნების მეორე ტურს დააკვირდება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს დააკვირდება.
დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოში 28 ნოემბერს დანიშნულ არჩევნების მეორე ტურზე დასაკვირვებლად საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის ჩამოსვლის შესახებ განაცხადა.
NDI-ს ინფორმაციით, მუშაობის პროცესში დელეგაცია დაეყრდნობა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს პირველი ტურის შემდეგ, ასევე ანალიტიკოსების შეფასებებს, რომლებიც საქართველოში გრძელი ვადით, სექტემბრიდან იმყოფებიან.
“სადამკვირვებლო მისიის დელეგაციის წევრები არიან: აშშ-ის ყოფილი ელჩი დანიაში – ლორი ფულტონი; ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში – პერ ეკლუნდი; საერთაშორისო ექსპერტი საარჩევნო საკითხებში – მარია ბაბიჩი; ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი – ლორა ლინდერმანი; რეგიონის ექსპერტი – სარა ვოტერსონი და NDI-ის საქართველოს ოფისის უფროსი დირექტორი – ლორა თორნტონი.
NDI-ის სადამკვირვებლო მისია საქმიანობას მიუკერძოებლად, პროფესიონალურად და საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს. საარჩევნო პერიოდის განმავლობაში NDI ადგილობრივ სადამკვირვებლო ჯგუფებთან და საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. სადამკვირვებლო საქმიანობას აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს“, – ნათქვამია NDI-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისია არჩევნების წინასწარი შეფასების ანგარიშს 29 ნოემბერს გამოაქვეყნებს.