სალომე ზურაბიშვილმა რეკლამაში 5 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი – 600 ათასი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 1-ელი აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ რეკლამებში გაწეულმა ხარჯმა ჯამში 7 015 469 ლარი შეადგინა.
აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა რეკლამაში, ჯამში, 5 235 606 ლარი დახარჯა, საიდანაც სატელევიზიო რეკლამაში დახარჯული თანხა 2 354 382 ლარს შეადგენს. „ერთიანმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკლამაში 633 245 დახარჯა, ხოლო მხოლოდ სატელევიზიო რეკლამაში – 472 210 ლარი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 1-ელი აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში „ევროპულმა საქართველომ“ რეკლამაში სულ 753 647 ლარი დახარჯა, საიდანაც სატელევიზიო რეკლამაში დახარჯულმა თანხამ 174 994 ლარს მიაღწია.
“სხვა პარტიების მიერ რეკლამაში დახარჯული თანხები ასე გადანაწილდა – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ“ სულ დახარჯა – 277 110 ლარი, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ – 8661 ლარი, “სამოქალაქო პლატფორმამ – ახალი საქართველო“ – 3 498 ლარი, „თავისუფალმა საქართველომ“ – 10 871 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ – 34 762 ლარი, „ახალმა ქრისტიან-დემოკრატებმა“ – 2 500 ლარი, პარტიამ „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“ – 430 ლარი და ა.შ.
ახალ პოლიტიკურ ცენტრ „გირჩს“, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, „ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურ მოძრაობას“, „ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას“, მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ლეიბორისტულ პარტიას”,“ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირს“ რეკლამაში არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავთ.
აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს საბიუჯეტო დაფინანსებასა და შემოწირულებებს”, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი