არჩევნებიახალი ამბები

ზურაბ ზვიადაური – ახმეტაში ვარ და „ნაციონალების“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩავერთე

პარლამენტის ყოფილი წევრი და ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს.

ზვიადაურის თქმით, ის ახმეტაშია და “სისხლიანი რეჟიმის” დაბრუნებას ძველ გუნდთან ერთად შეებრძოლება.

„ჩვენ დავბრუნდით და ეს დაბრუნება არის გაორმაგებული ძალებით. როდესაც წამოვედი პარლამენტიდან, ვთქვი, რომ ვრჩებოდი „ქართული ოცნების“ რიგებში და ქვეყნის რიგით ჯარისკაცად. „ნაციონალების“ წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები, რეჟიმის, რომელიც აწამებდა და აუბედურებდა ხალხს. ახმეტაში ვარ და ძველ გუნდთან ერთად ჩავერთე პოლიტიკურ ბრძოლაში“, – განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის საარჩევნო ოლქში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. მას კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა 33.25%-მა (4497 ხმა) დაუჭირა მხარი, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ 45.99% (6620 ხმა) მიიღო.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი