დარღვევების ფონზე ჩატარებული ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები
დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, მარკირებისა და ბიულეტენებთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევები, არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნის ცალკეული შემთხვევები, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის შემთხვევები, ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული ხარვეზები, სხვის ნაცვლად ხმის მიცემა, აგიტაცია საარჩევნო უბანზე – ეს იმ ფაქტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები.
კახეთის რეგიონში არსებული საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდმარეები განმარტავენ, რომ მთლიანობაში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ძირითადად პროცედურული სახის დარღვევები.
თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალმახელიძე აცხადებს, რომ თელავში დაიწერა 5 საჩივარი, რომელიც ძირითადად ეხებოდა პროცედურულ დარღვევებს.
,,მთლიანად დაიწერა 5 საჩივარი, რომელიც ძირითადად ეხებოდა ,,ევროპული საქართველოს“ კომისიის წევრების მიერ წილისყრის პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად უარის თქმაზე. მთლიანობაში მშვიდად წარიმართა საარჩევნო პროცესი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 29 400-მდე მოქალაქემ”, – განუცხადა knews.ge-ს კალმახელიძემ.
ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ნატო ნაპირელი განმარტავს, რომ კომისიაში 5 საჩივარი შევიდა, რომელიც დაკავშირებულია უბნების გარე პერიმეტრზე ამომრჩეველთა ზეწოლის ფაქტებთან.
,,არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, არანაირ პრობლემას ადგილი არ ჰქონია. მოსული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს 16 620 ამომრჩეველს. სულ შემოვიდა 5 საჩივარი, რომელიც ეხებოდა უბნის გარეთ ამომრჩეველთა ზეწოლის ფაქტებს’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნატო ნაპირელმა.
საჩივრები შევიდა კახეთის სხვა საოლქო საარჩევნო კომისიებშიც. საგარეჯოს საარჩევნო ოლქში დაიწერა 3 საჩივარი, რომელიც პროცედურულ დარღვევებს, უბანზე მარკირების გარეშე მოქალაქის შესვლის და ერთ-ერთი უბნის კომისიის თავმჯდომარის მიერ პირადი ტელეფონის ნომერის სხვა პირისთვის მიცემის ფაქტებს ეხებოდა.
გურჯაანის ოლქშიც შესულია სამი საჩივარი, რომელიც ეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ გარკვეულ უბნებზე სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას, რომელიც გადასატანი ყუთის წაღებაზე უარის თქმას შეეხებოდა.
,,საჩივრები ასევე შეეხებოდა ერთ ერთ უბანზე დამკვირვებლის მიერ აგიტაციის და გადასატანი ყუთის ბიულეტენებზე რეგისტრატორის ბეჭდისა და ხელმოწერის გამორჩენის საკითხებს.’’
სიღნაღის მე-13 სარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, მანანა მჭედლიშვილის განმარტებით, დაწერილი საჩივრები არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
5 საჩივარია შესული დედოფლისწყაროს მე-14 საარჩევნო ოლქში. კომისიის თავმჯდომარის, ნინო მჭედლიშვილის ინფორმაციით, საჩივრები უკავშირდეა უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე აგიტაციის, კონვერტში ბიულეტენთან ერთად ნახატების ჩადების, ამომრჩეველთა სიაში გარდაცვლილი პირის შეყვანის ფაქტებს და სხვა პროცედურულ დარღვევებს.
ერთადერთი ოლქი, სადაც საჩივარი არ დაიწერა, ლაგოდეხის # 15 საარჩევნო ოლქია. კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის თქმით, მათთან არცერთი საჩივარი არ შესულა, არჩევნებში კი მონაწილეობა მიიღო 17 600-მა მოქალაქემ.
რაც შეეხება ახმეტის მე-18 საარჩევნო ოლქს, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარესთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. Knews.ge-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ოლქში ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 15 საჩივარი უბნებზე, ხოლო ორი ოლქში დაიწერა.
,,სამართლიანი არჩევნების“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ორგანიზაცია ყველა უბანზე არჩევნების პროცესს აქტიურად აკვირდებოდა. მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, კენჭისყრის დღის განმავლობაში დაფიქსირდა დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა; მარკირებისა და ბიულეტენებთან დაკავშირებული პრიცედურების დარღვევები; არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნის ცალკეული ფაქტები; არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის შემთხვევები; ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული ხარვეზები; სხვის ნაცვლად ხმის მიცემა, აგიტაცია საარჩევნო უბანზე და სხვა დარღვევები. მისივე თქმით, აღნიშნული დარღვევების გარდა. დაფიქსირდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების გამონაკლისი შემთხვევა.
,,არჩევნების დღეს გამოიკვეთა პარტიული აქტივისტების საარჩევნო უბნების მიმდებარედ მობილიზება და მათი მხრიდან ამომრჩევლების სიებში აღრიცხვა, რაც შესაძლოა ნეგატიურ გავლენას ახდენდეს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე და ამომრჩევლის მიერ აღქმული იქნას, როგორც მათზე განხორციელებული ირიბი ზეწოლა. ძირითადად ამ მეთოდს „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყენებდნენ, თუმცა რამდენიმე ოლქში დაფიქსირდა მსგავსი ქმედებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მხრიდანაც’’,– განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
არჩევნებს 62 ადგილობრივი და 58 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა. მათი თქმით, მთლიანობაში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, დაფიქსირდა დარღვევები, რომლის გამოსწორებაზეც უწყებებმა და კომისიის წევრებმა აქტიურად უნდა იმუშავონ.
ავტორი: მაკა ხაზიური