პოლიტიკურად ცხელი შემოდგომა კახეთში – პრეზიდენტობის აქტიური და პასიური კანდიდატები
საქართველოს მოსახლეობას პრეზიდენტის პირდაპირი წესით ბოლო არჩევამდე 10 დღე დარჩა.
საქართველოში და, მათ შორის კახეთში, პოლიტიკურმა ტემპერატურამ თითქმის პიკს მიაღწია, თუმცა ეს ნაკლებად აისახება პრეზიდენტობის კანდიდატების აქტიურობაზე. პრეზიდენტობის 25 პრეტენდენტიდან კახეთში მხოლოდ 5 კანდიდატი შეხვდა ამომრჩეველს. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის დაუჭერს მხარს.
,,ჯერ არ ვიცი, ვის მივცემ ხმას. მხოლოდ პრეზიდენტობის 3 კანდიდატის შეხვედრაზე ვიყავი, მოვუსმინე მათ დაპირებებს და მათ აზრს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. სურვილი მაქვს სხვა კანდიდატებსაც მოვუსმინო და ისე მივიღო გადაწყვეტილება’’,- განუცხადა knews.ge-ს გურჯაანელმა ლალი ნიკოლაშვილმა.
ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოსახლეობას აქტიურად ხვდებიან, თითქმის ერთნაირი საარჩევნო პროგრამა აქვთ, რის გამოც უჭირთ გადაწყვეტილების მიღება.
,,ყველას დაპირებები ერთნაირი აქვს. მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, ახალგაზრდული საკითხები, პენსიის გაზრდა და სხვა. ამიტომ ვერ გადავწყვიტე, ვის უნდა მივცე ხმა. იმედია სხვა კანდიდატებიც ჩამოვლენ და შეგვხვდებიან, რომ მათი საარჩევნო პროგრამა გავიცნოთ’’,- ამბობს გურჯაანში მცხოვრები ნინო ოსიაშვილი.
,,ლეიბორისტული პარტიის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნიკა ვარდოშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ყველაზე აქტიური შალვა ნათელაშვილია, რომელიც ამომრჩეველს ხშირად ხვდება.
,,ჭირში და ლხინში ჩვენ მოსახლეობასთან ვართ. ყველაზე აქტიური კანდიდატი შალვა ნათელაშვილია, რადგან ყველაზე ბევრჯერ ის შეხვდა მოსახლეობას. ყველა პრობლემის დროს, ეს იქნება სტიქია თუ სხვა რამ, მოსახლეობის გვერდით ვართ. თელავში 4-ჯერ ჩამოვიდა და შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან’’, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას ნიკა ვარდოშვილი.
“ევროპული საქართველო” კი დავით ბაქრაძის აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე საუბრობს. პარტიის თელავის ოფისის ხელმძღვანელი ლელა მენთეშაშვილი მიუთითებს, რომ ბაქრაძეს კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან შეხვედრა ორჯერ ჰქონდა.
,,ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატი აქტიურად ხვდება მოსახლეობას. რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში ორჯერ გამართა შეხვედრა. თელაველ ამომრჩეველსაც ორჯერ შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურობას და მოსახლეობასთან შეხვედრებს’’,- განუცხადა knews.ge-ს ლელა მენთეშაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის აქტიურობაზე თავის მხრივ ყურადღებას ამახვილებენ ,,ქართული ოცნებაში“. თელავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ბენო გეგეჭკორი აცხადებს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი თელავში ორჯერ იმყოფებოდა.
,,სალომე ზურაბიშვილი აქტიურად მართავს შეხვედრებს რეგიონში. თელავის მუნიციპალიტეტში ორჯერ იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო. ასე პირდაპირ სოფლებში მოსახლეობასთან არ ყოფილა, თუმცა თელავში გამართა დიდი შეხვედრა, სადაც ყველა ამომრჩეველს შეეძლო მოსვლა’’,- განაცხადა გეგეჭკორმა.
კახეთის რეგიონში ამომრჩევლებთან აქტიურ შეხვედრებს მართავენ ,,ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ,,თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავაც.
Knews.ge-ს ინფორმაციით, მომავალ კვირას ამომრჩევლებთან შეხვედრას გეგმავენ პრეზიდენტობის კანდიდატები ,,თავისუფალი საქართველოდან” კახა კუკავა და ,,შენების მოძრაობიდან“ დავით უსუფაშვილი.