არჩევნებიახალი ამბებისტატიები

სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები

სამართლიანი არჩევნების მონიტორინგის შედეგების მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში გააქტიურდა საარჩევნო სააგიტაციო მასალების დაზიანების ფაქტები.

ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის დროს კახეთის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტში, საგარეჯოში, ლაგოდეხში, სიღნაღსა და თელავში სააგიტაციო მასალების დაზიანების ფაქტები დაფიქსირდა.

,,18 სექტემბერს საგარეჯოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გარსევან ბუხნიკაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ მათ მიერ გაკრული პლაკატები დააზიანა საგარეჯოში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა. ამავე რიცხვში ქ. ლაგოდეხში, კავკასიონის ქუჩაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო მასალა დააზიანეს. სიღნაღში კი ხეებიდან ჩამოხიეს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის დავით ბაქრაძის საარჩევნო პლაკატები. რაც შეეხება თელავს, 27 სექტემბერს, ადგილი ჰქონდა ,,ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტებს. სააგიტაციო მასალა სავარაუდოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა დააზიანა, რომელიც შესაბამისი დავალებით მოქმედებდა’’,- განაცხადეს ,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა.

პარტია ,,ევროპული საქართველოს’’ თელავის ოფისის ხელმძღვანელი, ლელა მენთეშაშვილი ამბობს, რომ მათი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის პლაკატებს ყოველდღიურად ხევენ.
,, ოპონენტი პარტიის წარმომადგენლები სხვა პარტიების მიერ გაკრულ პლაკატებს ხევენ. მაგალითად: ,,ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები ჩვენს პლაკატებს ზემოდან თავისი კანდიდატის პლაკატს აკრავენ’’,– განუცხადა knews.ge-ს ლელა მენთეშაშვილმა.

,,ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ თელავის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გრიგოლ ვაშაძის პლაკატები გაანადგურეს.

მივმართეთ პოლიციას, მაგრამ პოლიციამ განგვიცხადა, რომ ეს არის შშმ პირი. ჩვენ ამ ადამიანმა დაგვიდასტურა, რომ ის ამ ყველაფერს აკეთებდა კონკრეტული პირების დავალებით“-განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ავტორი: მაკა ხაზიური