სიღნაღის ისტორიულ გალავანს გაჯით შელესილი კონსტრუქცია მიაშენეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ისტორიულ გალავანს გაჯით შელესილი კონსტრუქცია მიაშენეს.
სოციალურ ქსელში ფოტოები მოქალაქე მარიამ ყიასაშვილმა გაავრცელა. ფოტოებმა მოქალაქეების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ კონსტრუქცია ძეგლის იერსახეს მნიშვნელოვნად ამახინჯებს. სიღნაღის მერიაში კი განმარტავენ, რომ კონსტრუქცია გალავანს არ ამახინჯებს და ის ტურისტული ბილიკზე ასავლელად გაკეთდა.
სათემო ცენტრი ,,ნუკრიანის” დირექტორის მაია ბიძინაშვილის თქმით, გალავნის პირვანდელი სახის აღდგენის ნაცვლად, მსგავსი ქმედებით ქალაქს იერსახე ეცვლება.
,,სად არის არქიტექტურის სამსახური, რატომ არ იყვნენ იქ, როდესაც ასეთი პროექტი კეთდებოდა? ეს კედელი ისევ ჩამოსაშლელია და გაუძლებს ამდენს? როდესაც თითოეულ ქვას და აგურს აქვს მნიშვნელობა ჩვენი ისტორიისთვის, სიძველე არ უნდა იყოს შენარჩუნებული? ქალაქის იერსახე არ მახინჯდება და ავთენტურობა არ ეკარგება?”, – განაცხადა Knews.ge-სთან ბიძინაშვილმა.
ავტორი:Knews.ge
სოციალური ქსელის ფოტო