აშშ-ის საელჩომ ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
აშშ-ის საელჩო საქართველოში ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსულ მედიაში დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას გამოეხმაურა. საელჩოს განცხადებით, მიმდინარე პროცესები რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნათელი მაგალითია.
“ჩვენ გავეცანით რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას . ეს არის სრული აბსურდი და რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნათელი მაგალითი. ლუგარის ცენტრის მისიასა და კონვენციასთან შესაბამისობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ლუგარის ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრს თბილისში; დარწმუნებული ვართ, მოხარული იქნებიან ისაუბრონ თავიანთ სარგებლის მომტან საქმიანობაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ლუგარის კვლევითი ცენტრის შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და შეთქმულების თეორიები რუსულ მედიაში მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან ჟღერდება. განსაკუთრებული აქტუალობა თემამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის პრესკონფერენციის კვალდაკვალ შეიძინა. გიორგაძემ განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან.