იორმუღანლოს საზოგადოებრივ ცენტრში უვიზო მიმოსვლის შესახებ იმსჯელეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საზოგადოებრივ ცენტრში შეხვედრა გაიმართა, სადაც უვიზო მიმოსვლის შესახებ იმსჯელეს. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ცნობით, საინფორმაციო კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. უწყების ინფორმაციით, საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები შეხვდებიან პროფესიულ ჯგუფებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, ადგილობრივი თვითთმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რეგიონებში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას.შეხვედრების მონაწილეები გაეცნობიან ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს.
საუბარი შეეხება იმ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.
საქართველოსთვის ევროპის 30 ქვეყანაში უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 2017 წლის 8 მარტს გამოქვეყნდა. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში ვიზის გარეშე 180 დღის ვადაში 3 თვის განმავლობაში მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცათ.
ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი