მცირე და საშუალო 600 საწარმოს მხარდასაჭერად 30 მილიონი ევრო გამოიყო
ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) 30 მილიონი ევროს ოდენობის სესხი თიბისი ბანკს გადასცა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად დაიხარჯება.
აღნიშნული სახსრები გამოიყო ევროკავშირის ინიციატივის “ევროკავშირი ბიზნესისთვის” ფარგლებში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო საწარმოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა). ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი აცხადებს, რომ სესხი პოტენციურად სარგებლობას მოუტანს საქართველოს მცირე და საშუალო 600-მდე საწარმოს.
“ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერის წყალობით, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები გააუმჯობესებენ თავიანთ წვდომას გრძელვადიანად ხელმისაწვდომ ფინანსებზე, რაც მათი ზრდისა და კონკურენტუნარიანობის წინაპირობაა. თიბისი ბანკისთვის ჩვენი მეოთხე სესხი ფინანსებზე უკეთესი წვდომის საშუალებით პოტენციურად დაახლოებით 600 მცირე და საშუალო კომპანიების განვითარებას დაეხმარება. იმედი გვაქვს, რომ ეს ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოს ეკონომიკის ზოგად განვითარებას “,- განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.