ახალი ამბები

სეტყვის შედეგად გურჯაანში დაახლოებით 400 ჰექტარი ვენახი განადგურდა

რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში, ჩალაუბანსა და არაშენდაში დაახლოებით 400 ჰექტარი ვენახი განადგურდა.

ანდრო ასლანიშვილის თქმით, დასეტყვილ ყურძენს ღვინის ქარხნები ჩაიბარებენ. სპეციალური კომისია სეტყვისგან მიყენებულ ზარალს დღეს დილიდან ითვლის.

რთველის საკოორდინაციო შტაბმა სტიქიის დასრულებისთანავე დაიწყო პირველადი მონაცემების შეგროვება. აღნიშნული პროცესი უფრო აქტიურ ფაზაში დღეს დილიდან შევიდა. კომუნიკაცია გვაქვს როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკოორდინაციო სამსახურებთან, ასევე თვითმმართველობასთანაც. შტაბი ჩართულია იმ პროცესში, რაც გულისხმობს დაზიანებული მოსავლის დაბინავებას. გაიხსნება გარკვეული ლოკაციები, სადაც ყურძენს ჩაიბარებენ. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა და დავპირდე, რომ დაუბინავებელი მოსავალი არ დარჩება. გვაქვს გარკვეული სამწუხარო გამოცდილება, ვგულისხმობ, ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსულ სეტყვას. ანალოგიურად, გურჯაანშიც მოსავალი უმოკლეს ვადაში დაბინავდება. ფასს რაც შეეხება, უნდა არსებობდეს სამართლიანი მიდგომები. დასეტყვილი ყურძნის ფასი ახმეტის მსგავსად გურჯაანშიც 50 თეთრი იქნება, არ აქვს მნიშვნელოობა 40, 50, თუ 60%-ითაა დასეტყვილი. ყურძნის ჩაბარება უკვე შესაძლებელია ჭანდრის ღვინის ქარხანაში”, -განაცხადა ანდრო ასლანიშვილმა.

სოფელ მელაანში, ჩალაუბანში, არაშენდაში, ქოდალოსა და ჯიმითში გვიან ღამით მოსულმა სეტყვამ ვენახები, მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების ნაწილი გაანადგურა.

 

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი