თვითმმართველობასტატიები

,,საჯარო მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევები საშუალოზე დაბალია“

საჯარო მოხელეების კვალიფიკაცია ქვეყნის წინაშე ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ექსპერტები მიუთითებენ, რომ ეფექტიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბებისთვის უმაღლესი განათლების მქონე მოხელეების არსებობა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, მოხელეებს გააჩნდეთ კონკრეტული უნარ-ჩვევები და, რაც მთავარია, ჰქონდეთ მათი მუდმივი განახლებისა და გაუმჯობესების საშუალება. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ შემუშავებულ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში მკაფიოდ არის გაწერილი საკითხი საჯარო მოხელეთა კომპეტენციების განსაზღვრისა და ამაღლების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობების, როგორც ინსტიტუცის გაძლიერება. 
მესამე სექტორში მიუთითებენ, რომ თვითმმართველობის რეფორმის ქვაკუთხედი საჯარო მოხელეთა კომპეტენციაა. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი მოხელეების რაც შეიძლება სწრაფი გადამზადების აუცილებლობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მათი კვალიფიკაცია საშუალოზე დაბალია. კანდელაკის მოსაზრებით, აშკარად შეიმჩნევა პროფესიონალი საჯარო მოხელეების ნაკლებობა.
,,რეგიონებში უნდა გვყვავდეს კვალიფიციური კადრები, რათა მოსახლეობას შესთავაზონ მათზე მორგებული სერვისები. ეს უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი როლი, რომ ხელი შეუწყოს კვალიფიციური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას. როდესაც მივცემთ მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას, უნდა შეძლონ მისი სწორად განაწილება და მართვა. მათ უნდა უპასუხონ ახალ გამოწვევებს“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას კოტე კანდელაკი.
საჯარო მოხელეების პერმანენტული გადამზადების აუცილებლობაზე ადგილობრივ თვითმმართველობების წარმომადგენლებიც საუბრობენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი მიიჩნევს, რომ იცვლება გარემო, მოთხოვნები და ამოცანები უფრო კომპლექსური ხდება, შესაბამისად, აუცილებელია საჯარო მოსამსახურეების ცოდნის განახლება და ახალი ინფორმაციის მიღება. მადონა ბატიაშვილი ამბობს, რომ თვითმმართველობა თანამშრომლებს მიზნობრივი ტრენინგების მეშვეობით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას მუდმივად აძლევს.
,,ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს თანხა, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა გაიარონ ტრენინგები. ფინანსთა ასოციაციამ ძალიან ბევრი ტრენინგი ჩაატარა საბუღალტრო აღრიცხვების, პროგრამული ბიუჯეტის, კულტურის სფეროსა და სხვა საკითხების შესახებ. მუდმივად ვეცნობით სიახლეებს, როგორ უნდა იმუშაოს მუნიციპალიტეტმა გამართულად. საჯარო მოხელემ მიმდინარე რეფორმას ფეხი უნდა აუწყოს, რისთვისაც შესაბამისი გადამზადება და კვალიფიკაცია სჭირდება. წელს, ამისთვის ბიუჯეტის 2%, დაახლოებით 134 000 ლარია, გამოყოფილი. სამომავლოდ ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით გავზარდოთ დაფინანსება“, – აღნიშნავს მადონა ბატიაშვილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლების აუცილებლობაზე მიუთითებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც.
,,თვითმმართველობა უნდა აღიჭურვოს მეტი კომპეტენციით, უნდა გადამზადდეს ადამიანური რესურსი. გვჭირდება ძლიერი თვითმმართველობა და ცვლილებების გარეშე რეფორმის განხორციელება ვერ მოხდება,“ – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას კობახიძე.
მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ საჯარო მოხელეების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების გარეშე თვითმმართველობა ძლიერი ვერ იქნება.
,,მუდმივად სხვის მითითებების ქვეშ არიან. მუნიციპალური მომსახურების მიწოდებაში ყოველთვის მოიკოჭლებენ. ასე იქნება ყოველთვის, თუ ჯარო მოხელეებმა არ აიმაღლეს უნარ-ჩვევები და ცნობიერება არ შეიცვალეს, რომ ისინი არიან ხალხის მიერ დაქირავებული მუშაკები. ახალ გამოწვევებს ვერ უპასუხებენ, თუ არ ექნებათ კომპეტენცია. თუ ადგილობრივი მმართველობის შექმნა და აშენება გვინდა, ჩემი აზრით, საჯარო მოხელეთა უნარ-ჩვევების ამაღლება ცენტრალურმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს. მოსახლეობას მერიებში შესვლა არ უნდა, ასე იყო წინა მმართველობის დროსაც, ამიტომ ეს მიდგომაც შესაცვლელია. ადგილობრივმა მმართველობამ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაჭრას ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, რომელსაც კომპეტენცია და მოსახლეობის ჩართულობა სჭირდება“, – ამბობს Knews.ge-სთან ასმათ დარახველიძე.

 

მოამზადა ნატალია ცისკარაშვილმა

 

წინამდებარე სტატია მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორეზე.