თელავის მერიასა და „დანაშაულის პრევენციის ცენტრს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა თათია ხოჭოლავამ მოაწერეს.
მერიის ინფორმაციით, თანამშრომლობა გულისხმობს არაფორმალური საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელებას ერთობლივი პროექტების საშუალებით, ახალგაზრდებში ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების დაუფლების ხელშეწყობას, აქტიური მოქალაქეობის, დასაქმების, ლიდერობის, სოციალური მეწარმეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას.
,,თანამშრომლობის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობრივი უნარების განვითარება, რაც თავისთავად გულისხმობს არაფორმალური განათლების საშუალებით თავისუფალი დროის მეტად ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარებას. აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამები თელავში 2016 წლიდან უკვე მიმდინარეობს. მათ შორის არის თელავის იუსტიციის სახლის „მოხალისე”, „ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი” (SKYE კლუბი), „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის” და სხვა აქტივობები”,- განაცხადეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.