სტატიები

წინანდლის მოსახლეობა – მიწისქვეშ კაბელს უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ამონტაჟებენ

ადგილობრივები აცხადებენ, რომ კომპანია ,,სილქ როუდ ჯგუფმა“ სასტუმრო რედისონამდე ელექტროენერგიის მიყვანა ,,ენერგო პროს“ დაუკვეთა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია კი სამუშაოებს უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ასრულებს.
მოსახლეობა კომპანიას სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ. მათი თქმით, მაღალი ძაბვის გამტარ მიწისქვეშა კაბელს, რომელმაც მთელს სოფელზე უნდა გაიაროს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია “მერკური” უხარისხოდ აკეთებს. ადგილობრივებმა პროექტის გაცნობის და სამუშაოების ხარისხიანად შესრულების მოთხოვნით აქცია გუშინ გამართეს და კომპანიის კუთვნილ ტექნიკას გზაზე გავლის და სამუშაოების გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
,,აღნიშნული პროექტი მოითხოვს, რომ გადაითხაროს სოფლები, საუბნო ქუჩები და სამი მეგავატის სიმძლავრის ხაზი და კაბელი, რომელიც არის 30 000 ვოლტის გამტარი, ჩადონ მიწაში. სამუშაოებს კი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ასრულებენ. ჩვენ მერიიდან მოვითხოვეთ ამ პროექტის დედანი და ვაპირებთ მის გასაჩივრებას. მიუხედავად იმისა, რომ შევთანხმდით, სამუშაოები არ გაგრძელდებოდა, სანამ სიტუაცია არ გაირკვეოდა, დილიდან მოვიდა კომპანიის კუთვნილი ტექნიკა და მუშაობის განახლებას აპირებდნენ. შევიკრიბეთ, გადავკეტეთ გზა, არ გავატარეთ. სანამ დიდ დასახლებულ უბნამდე მოვიდოდნენ, სოფელი გადმოჭრეს, სკოლასთან გაიარეს და სანიაღვრე არხში ჩადეს კაბელი, რომელიც არის სრული კანონდარღვევა. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, აქ გაიაროს კომუნიაკაციამ, მაგრამ სამუშაოები უნდა შესრულდეს ნორმების დაცვით’’,- განუცხადა Knews.ge-ს სოფელ წინანდალში მცხოვრებმა გიორგი მეგრელიშვილმა. 
ადგილობრივების მტკიცებით, კომპანიამ სამუშაოების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მათთან შეუთანხმებლად მიიღო. ვაჟა მეგრელიშვილის ამბობს, რომ პროექტის მიხედვით, კაბელს უნდა გაევლო დასახლებასთან მოშორებით არსებულ ალტერნატულ გზაზე, კომპანიამ ეს შეთანხმება დაარღვია. 
,,მოვითხოვთ, გაგვაცნონ პროექტის დოკუმენტაცია: ის, თუ რა სიღრმეზე უნდა იყოს კაბელი ნიადაგში და კონკრეტულად სად რა უნდა გაკეთდეს. როგორც ვიცით იყო ალტერნატიული გზა, კაბელი უნდა გატარებულიყო სოფლის თავში რედისონის ადგილებში და გაევლო კომპანიის ვენახებზე, მაგრამ კომუნიკაციის სოფელზე გატარება უფრო იაფი ჯდება და ამიტომ დაიწყეს აქ სამუშაოები’’,- აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას ვაჟა მეგრელიშვილმა.
,,არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს ამ სამუშაოების შესახებ, არც დასკვნაა გაკეთებული შეიძლება თუ არა აქ სამუშაოების ჩატარება. მხოლოდ მერიიდან მოვიდა ერთი პირი ადრე და გაგვესაუბრა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ჩვენი ინფორმირებისთვის. გვეუბნებიან, რომ არაფერი არ არის საშიში და პრობლემა არ იქნება, მაგრამ აქ მეწყერსაშიში ნიადაგია, შეუსწავლელია და პირდაპირ არ უნდა დაეწყოთ სამუშაოები‘’,- ამბობს დავით მეგრელიშვილი.
თელავის მერიაში საკითხის კომენტირებისგან თავს იკავებენ, კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ გზა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციამ უნდა გაიაროს, მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, სამუშაოები კი სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს. კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ მოსახლეობის პროტესტი მართული პროცესი იყოს. 
,,უსაფრთხოების ყველა ნორმა და დაცულია ის სტანდარტები, რაც საჭიროა მშენებლობისთვის. თუ ვინმეს აინტერესებს პროექტის დეტალები, შეუძლია ნახოს და გაეცნოს. ადამიანებს, რომლებიც შეიკრიბნენ სოფელ წინანდალში, არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას პროექტის შესახებ. ჩვენ სამუშაოების დაწყებამდე გვქონდა მათთან რამდენჯერმე შეხვედრა და გავაცანით პროექტი, მაშინ საწინააღმდეგო აზრი არ გამოთქმულა, ახლა კი აპროტესტებენ. დღევანდელი პროცესი საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ეს ვიღაცის ინტერესებს ემსახურება და მართულია. მე ვურჩევდი მოქალაქეებს, რომ კანონს კარგად გაეცნონ ან სასამართლოს მიმართონ. დღესვე აქციის მონაწილეებს შეხვდნენ და მათი აზრი მოისმინეს კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა. მათ თან ჰქონდათ პროექტის დოკუმენტი წაღებული, თუმცა მისით არავინ დაინტერესებულა. ვერ დავეთანხმებით ბრალდებას, რომ კვლევა არ ჩატარებულა, ეს სამუშაოები ჩატარდა, სანამ პროექტი დამუშავდებოდა. მინდა შევახსენო ადგილობრივებს, რომ მათ საკუთრებაში არავინ შეჭრილა, ეს გზა არის მუნიციპალიტეტის საკუთრება და უფლება გვაქვს, უწყებასთან შეთანხმებით სამუშაოები ვაწარმოოთ. კეთდება თანამედროვე კომუნიკაცია, რომელიც აპრობირებულია საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენ დაინტერესების შემთხვევაში შეგვიძლია ისევ შევხვდეთ მოსახლეობას და გავაცნოთ პროექტი’’,- აცხადებს Knews.ge-სთან საუბრისას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ჟანა დიდებაშვილი.