ახალი ამბები

სოფელ წინანდალში აქცია მიმდინარეობს

ადგილობრივები კომპანია ,,სილქ როუდ ჯგუფს“ სასტუმრო რედისონამდე ელექტროენერგიის მისაყვანად საჭირო სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეების მტკიცებით, აღნიშნულმა კომპანიამ ,,ენერგო პროს“ სასტუმროს ტერიტორიამდე მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის მიყვანა დაუკვეთა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია “მერკური” კი სოფელში გზის გადათხრას და მაღალი სიმძლავრის კაბელის მიწაში ჩადებას გეგმავს. ისინი ირწმუნებიან, რომ აღნიშნული კომპანია სამუშაოებს უსაფრთხების ნორმების დარღვევით ასრულებს. 
,,კომპანია ,,სილქ როუდ ჯგუფმა’’ ,,ენერგო პრო ჯორჯიას’’ შეუკვეთა, რომ მიიყვანოს მაღალი ძაბვის ელექტროენერგია წინანდალში მდებარე ობიექტამდე. ,,ენერგო პრო ჯორჯიამ’’ გამოაცხადა ტენდერი, რომელიც მოიგო ,,შპს მერკურმა’’. აღნიშნული პროექტი მოითხოვს, რომ გადაითხაროს სოფლები, საუბნო ქუჩები და ის სამი მეგავატის სიმძლავრის ხაზი და კაბელი, რომელიც არის 30 000 ვოლტის გამტარი, ჩადონ მიწაში. სამუშაოებს კი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ასრულებენ. ჩვენ გუშინ მერიიდან მოვითხოვეთ ამ პროექტის დედანი, რომელიც არის დამტკიცებული და ხელმოწერილი და ვაპირებთ მის გასაჩივრებას. მიუხედავად იმისა, რომ შევთანხმდით, სამუშაოები არ გაგრძელდებოდა, სანამ სიტუაცია არ გაირკვეოდა, დილიდან მოვიდა კომპანიის კუთვნილი ტექნიკა და მუშაობის განახლებას აპირებდნენ. სასტუმროს ტერიტორიის შესასვლელთან ადგილობრივები შევიკრიბეთ, გადავკეტეთ გზა, არ ვატარებთ ტექნიკას და არ ვაძლევთ სამუშაების ჩატარების საშუალებას. აქ მოსულები არიან ,,ენერგო პრო ჯორჯიას’’ წარმომადგენლები და გამოძახებულია პოლიცია. ისინი გვეუბნებიან რომ თუ ტექნიკას არ გავატარებთ, დაგვაპატიმრებენ. ვიცით, რომ ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება, ეს არ არის სტრატეგიული მშენებლობა, რომელსაც ხელს ვუშლით. ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას და თუ მოუწევთ ჩვენი დაპატიმრება, დაგვაპატიმრონ’’,- განუცხადა Knews.ge-ს წინანდლის მკვიდრმა გიორგი მეგრელიშვილმა. 
Knews.ge აღნიშნულ საკითხზე ცდილობს დეტალების გარკვევას და ვრცელ ინფორმაციას უახლოეს ხანში გაავრცელებს.