,,23 დასახელების მედიკამენტი პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის ნახევარ ფასში გაიყიდება”
აკაკი ზოიძის თქმით, შეღავათიან ფასში წამლების გაყიდვას კომპანიები აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყებენ.
,,თუ ტენდენცია შენარჩუნდება და ასორტიმენტი გაფართოვდება, მაშინ პირდაპირი რეგულირების აუცილებლობა აღარ იქნება, მაგრამ თუ ტენდენცია ვერ შენარჩუნდა, მაშინ რეგულირება აუცილებელია. ვფიქრობ, სასიცოცხლოდ აუცილებელ, დაახლოებით 300-400 დასახელების მედიკამენტზე ფასი აუცილებლად უნდა დარეგულირდეს. ამის რამდენიმე მეთოდი არსებობს: ან უნდა დაფიქსირდეს მოგების მარჟა ან ე.წ. ეტალონური ფასები. შეგვიძლია ეტალონად რამდენიმე ქვეყანა ავიღოთ და მწარმოებლებს ვუთხრათ, რომ ფასი ამ ქვეყნებში არსებული ფასის მიხედვით იყოს“, –განაცხადა აკაკი ზოიძემ.
კახეთის რეგიონში მცხოვრები პენსიონერების თქმით, პენსია მცირეა და ყველა მედიკამენტი გაძვირებულია, რის გამოც ექიმის მიერ დანიშნული წამლების დიდ ნაწილს ვერ ყიდულობენ. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული ინიციატივა ყველა პენსიონერზე დადებითად აისახება.
,,ძალიან კარგი იქნება, თუ ინიციატივა მხოლოდ სიტყვებად არ დარჩება და წამლების ფასები მართლა განახევრდება. იმდენად მცირეა პენსია, რომ ორი და სამი დასახელების წამლის ყიდვას ვერ ვახერხებთ. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენთვის გააიაფებენ წამლებს და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მეტი წამლის ყიდვას შევძლებთ”,- განუცხადა knews.ge-ს გურჯაანის სოფელ ახაშენში მცხოვრებმა პენსიონერმა ლილი ბეგაშვილმა.