ახალი ამბები

მაღალმთიანი დასახლების სტატუსით ახმეტაში 70 სოფელი სარგებლობს

მერიაში განმარტავენ, რომ ეს სტატუსი მინიჭებული აქვს თუშეთის 52 სოფელს, პანკისის ხეობის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 15-მდე სოფელს და ილტოს ხეობის 3 სოფელს. 
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაიული სამსახურის უფროსი დავით აბულაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროგრამის განხორციელება ხელს უწყობს სოფლებში მოსახლეობის დაბრუნებას.
,,ახმეტის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს 70- მდე სოფელი. მხოლოდ თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მაღალმთიან დასახლებაში შედის 52 სოფელი. პანკისის ხეობაში კი არის 4 ადმინისტრაციული ერთეული: საკობიანოს, დუისის, ხალაწანის და ჯოყოლოს ერთეული, საიდანაც დაახლობით 15-მდე სოფელი შედის მაღალმთიან დასახლებაში. გარდა ამისა, ასევე ილტოს ხეობიდან 3 სოფელს აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული‘’, – განუცხადა Knews.ge-ს დავით აბულაძემ. 
თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტი თუშეთზე არ არის მორგებული. ლადო კახოიძის თქმით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა სტატუსს ვერ იღებს და მთავრობამ თუშეთისთვის ცალკე რეგულაციები უნდა მიიღოს. 
,,თუშეთის სოფლებიდან ბევრი დაუსახლებელია და ამ სტატუსით მოსარგებლე პირთა რაოდენობა არის დაბალი. თუშეთში სეზონურად ცხოვრობს ხალხი. კანონის მიხედვით კი, პირმა რომ მიიღოს მაღალმთიან დასახლებაში მხოვრების სტატუსი, მინიმუმ 9 თვის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს სოფელში. თუშეთში კი ასეთი ადამიანი 30-40 პირია. მოსახლეობა ფაქტობრივად ამ სტატუსით ვერ სარგებლობს, ამიტომ საჭიროა ცალკე რეგულაცია თუშეთისთვის, რომ მოწესრიგდეს ეს საკითხი. მაგალითად შეიძლება 9 თვის შემცირება 6-მდე’’, – აღნიშნა Knews.ge-სთან საუბრისას ლადო კახოიძემ.