ახალი ამბები

ახმეტაში ქალთა ოთახი გაიხსნა

,,ქალთა ოთახი“ არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შექმნილი ღია სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ქალების ხელშეწყობას მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში. 
პროექტის ,,MOLI კახეთში“ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტ ნესტან მერმანიშვილის თქმით, კახეთის რეგიონში ეს უკვე მეხუთე ოთახია, რომელიც ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიზნით იწყებს ფუნქციონირებას და ხელს უწყობს ქალებისა და მამაკაცების თანაბარ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 
“ქალთა ოთახი მუნიციპალიტეტის შენობაშივე გამოყოფილი სივრცეა, სადაც მოწყობილია სამუშაო გარემო შეხვედრებისა და ტრეინინგებისათვის და საბავშვო კუთხე, რომელიც ქალებს საშუალებას აძლევს, აღნიშნული სივრცე აქტიურად გამოიყენონ საქმიანი მიზნებისთვის. „ქალთა ოთახს“ მერის მიერ დანიშნული კოორდინატორი მართავს, რომელიც გენდერული საკითხების სპეციალისტია. კახეთის რეგიონში „ქალთა ოთახი“ უკვე გაიხსნა დედოფლისწყაროში, სიღნაღში, გურჯაანში, ახმეტასა და ლამბალოში. დაგეგმილია სხვა მუნიციპალიტეტებშიც მსგავსი ოთახების გახსნა”, – განუცხადა knews.ge-ს ნესტან მერმანიშვილმა.
2017 წლის 4 ოქტომბერს, კახეთის გუბერნატორს, ირაკლი ქადაგიშვილს, ასევე ორგანიზაციების „მერსი ქორისა“ და „HEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის“ ხელმძღვანელებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში „ქალთა ოთახების“ გახსნას ჩაეყარა საფუძველი. 
„ქალთა ოთახები“ არის „მერსი ქორის“ და შვეიცარიის მთავრობის ერთობლივი პროექტის „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ იდეა, რომელიც მუნიციპალური სერვისია და ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას და ადგილობრივ მმართველობაში ინტეგრაციას ემსახურება. კახეთის მუნიციპალიტეტებში „ქალთა ოთახი“ იხსნება “HEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის” პროექტის “MOLI კახეთში” ხელშეწყობით, რომელიც შვეიცარიის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული.