1 ივლისიდან ავტომობილების ტესტირების მეორე ეტაპი დაიწყო
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვარიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება შემდეგი ეტაპების მიხედვით:
ა)2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები.
ბ) 2018 წ. 1 ივლისიდან დაიწყება სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ინსპექტირება.
გ) 2018 წ. 1 ოქტომბრიდან M1 – 3000 კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების ინსპექტირება.
დ) 2019 წ. 1 იანვრიდან – M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ისნპექტირება.
ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით უკვე მოქმედებს 37 თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ინსპექტირების ცენტრი 80 ხაზით. მათი რაოდენობა ეტაპობრივად კიდევ გაიზრდება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიხეილ ხმალაძემ knws.ge-თან განაცხადა, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შექმნილია ვებ-გვერდი (www.pti.ge), რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება აქვს ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი – 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას. ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან მათი კატეგორიისა და რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვი) მიხედვით. მაგალითად: თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება არის M1 (მსუბუქი) კატეგორიის და მისი რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღია 28/10/2013, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება უნდა გაიაროს 2019 წლის 28 ოქტომბრამდე (ამ ვადის გასვლის შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალება დაჯარიმებას დაექვემდებარება).
ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების (რომლებზეც ვრცელდება გრაფიკი) ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში, პერიოდული ინსპექტირება განხორციელდება რეგისტრაციის შემდგომ 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ ეხება:
ა) ტრანზიტული ნომრების მქონე და განუბაჟებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს;
ბ) O1, O2 (მისაბმელი 750 კგ–დან 3500 კგ–მდე) და L (მოტოციკლი) კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს;
გ) ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებებს (ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც დამზადებულია 1960 წლამდე; აღნიშნული ტიპისა და მოდელის სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია წარმოებიდან და აღარ გამოდის; ისტორიულად დაცულია და შენარჩუნებული პირვანდელი მდგომარეობით და მისი ძირითადი კომპონენტების ტექნიკურ მახასიათებლებს არ განუცდიათ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება);
დ) იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ამოღებულია ექსპლუატაციიდან;
ე) სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ–ს.
ვ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც არ გამოდიან გზაზე (პირობითად: თუ ავტომობილი დგას ავტოსადგომზე რამდენიმე თვის განმავლობაში უძრავად, მფლობელს შეუძლია მას ტესტირება არ ჩაუტაროს, ხოლო როცა გადაწყვეტს ავტომობილის ინსპექტირებას, იგი სადგომიდან ტესტირების ცენტრში აუცილებლად.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება მსუბუქი ავტომობილებისთვის ეღირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის – 100 ლარი. საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ან საბანკო მომსახურების მეშვეობით, ასევე სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ავტომფლობელს შეუძლია მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ცენტრში. თუ ინსპექტირების გავლისას ავტოსატრანსპორტო საშუალებას აღმოაჩნდა ხარვეზი, მის გამოსასწორებლად მფლობელს ეძლევა 30 კალენდარული დღე (მოიცავს შაბათ-კვირასაც). თუ ამ ვადაში განმეორებითი ინსპექტირება ჩატარდება იგივე ცენტრში (მხოლოდ იმაზე, რაზეც დაფიქსირდა ხარვეზი), მომსახურება იქნება უფასო, ხოლო თუ ინსპექტირება ჩატარდება სხვა ინსპექტირების ცენტრში, მაშინ საფასურის გადახდა მოხდება ჩვეულებრივად, დადგენილი წესით. ასევე ტესტირების სრული ღირებულების გადახდა ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ხარვეზების გამოსწორების ვადა გასცდება 30 კალენდარულ დღეს.
აღსანიშნავია, რომ ტესტირების დროს დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორების ვადაში ავტომობილით სიარული არ იკრძალება (30 კალენდარული დღის განმავლობაში).
მნიშვნელოვანია მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებმა იცოდნენ, რომ არავითარი დამატებითი სირთულეები მარჯვენასაჭიან ავტომობილებს არ შეექმნებათ – მიდგომა ყველასთვის ერთნაირია, მთავარია, ავტომობილმა ტექნიკური მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
რაც შეეხება გადატანილსაჭიან ავტომობილებს, ასეთი ავტომობილებიც ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ, თუმცა, ინსპექტირების დაწყების ეტაპიდან საჭის გადატანა იკრძალება.
ნებისმიერი ავტომობილისთვის, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას კატალიზატორი, იმოქმედებს გამონაბოლქვის მაქსიმუმ დასაშვები ნორმა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს გამართული წვის სისტემის მქონე ავტომობილმა.
მძღოლს, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.
აგრეთვე, ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართავად/საექსპლუატაციოდ გადაცემა/დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან ინდმეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. (მაგალითად, თუ ერთმა ფიზიკურმა სამართავად გადასცა მეორე ფიზიკურ პირს ავტომობილი, რომელსაც არ აქვს გავლილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ასეთ შემთხვევაში თითოეულს ცალ-ცალკე დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით).
2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება უკვე გავლილი აქვს 38 199 სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას.