თუშეთში მდებარე ორ სოფელსა და რვა ნასოფლარს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა შესაბამისი ბრძანება 2018 წლის 15 ივნისს გამოსცა. როგორც knews.ge-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, სოფლებისა და ნასოფლარებისთვის ძეგლის მინიჭების მიზანი ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვაა.
ყველა აღნიშნული სოფელი და ნასოფლარი გვიანი შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლია.
საქართველოს მთავრობა თუშეთში 10 ციხე-სოფლის – ძველი დიკლოს, ძველი გირევის, ჭონთიოს, ჰეღოს, აგეურთას, წაროს, კვავლოს, ფარსმას, დაქიურთასა და ინდურთას საინვენტარიზაციო-კვლევით სამუშაოებს დაიწყებს. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, საწყის ეტაპზე, დაახლოებით 400 ათასი ლარი გამოიყოფა.