სასკოლო განათლების გამოწვევებზე თელავში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
როგორც knews.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, კონფერენცია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოსა“ (MCA) და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) ფინანსური მხარდაჭერით ტარდება და მისი მიზანია სწავლა-სწავლებაში არსებული პოზიტიური ტენდენციებისა თუ გამოწვევების შესახებ საზოგადოებისა და განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელთა ინფორმირება.
“საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასების შედეგებზე დაყრდნობით განიხილება შემდეგი საკითხები: როგორია 9-10 წლის მოზარდთა წიგნიერების დონე და მიღწევების დინამიკა 2006-2016 წლებში; როგორ ახერხებენ მოსწავლეები ინტერნეტში მოცემული ინფორმაციის გაგებასა და გააზრებას; რა ცოდნას ფლობენ და რა შედეგს აღწევენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართული ენის შესწავლაში, როგორია მათი მიღწევები სხვა საგნებში. კონფერენციის ფარგლებში გაანალიზდება საგანმანათლებლო სისტემაში არსებული პოლიტიკისა და პრაქტიკის გავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასებების შედეგები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში; ქართულის, როგორც მეორე ენისა და წიგნიერების მიმართულებით”, – განუცხადეს knews.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სასკოლო განათლებაში არსებული ვითარების შესაფასებლად ქვეყნები სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევების შედეგებს იყენებენ. უწყების ცნობით, სახელმწიფო შეფასება ეროვნული მასშტაბით არსებული სურათის შესწავლაზეა ორიენტირებული, ხოლო საერთაშორისო კვლევები ქვეყნის შედეგების გლობალურ კონტექსტში შეფასების საშუალებას გვაძლევს. საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასებები საქართველოში რეგულარულად იმართება და მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს.