საგარეჯოს სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება
როგორც knews.ge-ს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, საზოგადოებრივი ცენტრი სპეციალურად პატარა სოფლების საჭიროებებზე მორგებული პროექტია, რომელიც არქიტექტურული ფორმით განსხვავდება სხვა ცენტრებისგან.
“პროექტი იმ დასახლებებისთვის შეიქმნა, რომელთა მოსახლეობა 600 ადამიანს არ აღემატება. მისი ავტორი არქიტექტორი მიხეილ გიორგობიანია. სხვა საზოგადოებრივი ცენტრებისაგან უდაბნოს საზოგადოებრივ ცენტრს მხოლოდ ფართი და ვიზუალური მხარე განასხვავებს; მომსახურების სტანდარტი და მაღალი ხარისხი აქ ისეთივე იქნება, როგორიც იუსტიციის სახლებსა და დიდ საზოგადოებრივ ცენტრებშია. ამ ეტაპზე პროექტის ექსპერტიზა მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი მშენებელი კომპანიის შესარჩევად”, – განუცხადეს knews.ge-ს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.
უწყებაში განმარტავენ, რომ საზოგადოებრივი ცენტრის მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული მუნიციპალური ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ქართული სოფლის გაძლიერებაა.
“უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრი სოფელში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს და სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს სახელმწიფოსთან კომუნიკაციაში დაეხმარება, 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისზე წვდომას გაუმარტივებს და სწრაფ, კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს. უდაბნოსა და მისი მახლობელი სოფლის მცხოვრებთ პირადობის ან დაბადების მოწმობის, მიწის რეგისტრაციის, საბანკო და სხვა სერვისების მისაღებად საგარეჯოში ჩასვლა აღარ მოუწევთ. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა უდაბნოში რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყდა. სოფელი სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მდებარეობს, ეთნიკური უმცირესობებითა და ეკომიგრანტებითაა დასახლებული და ტურისტულად აქტიურ ზონას წარმოადგენს. იგი უშუალოდ ესაზღვრება დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსს”, – განაცხადეს სამინისტროში.
საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობა არიან ჩართულნი.