ახალი ამბები

თელავში მასშტაბური არქეოლოგიური გათხრები დაიწყება

ჩოლოყაშვილის ქუჩაზე საიდუმლო გვირაბს ჯერ კიდევ 3 წლის წინ მიაკვლიეს. გვირაბის აღმოჩენის შემდეგ გაჩნდა კვლევის გაგრძელების იდეა. სამუშაოებს ილიას სახელმწიფო ინივერსიტეტის პროფესორი, ნიკა თუშაბრამიშვილი ხელმძღვანელობს. 

ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ლამარა შათირიშვილის განცხადებით, მას წინაპრებისაგან სმენია, რომ ჩოლოყაშვილის ქუჩა დაქსელილი იყო საიდუმლო გვირაბებით, რომელიც გორიჯვრისა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრებს ერთმანეთთან აკავშირებდა.

,,ჩვენი საცხოვრებელი სახლის ეზოში, სამშენებლო სამუშაოების დროს ,მეუღლემ მიწის სიღრმეში გამავალი 10 მეტრამდე სიღრმის ტუნელი აღმოაჩინა. ჩემი მეუღლე ამბობდა, რომ გორიჯვრის ეკლესიიდან ღვთისმშობლის ტაძრამდე გვირაბები გადიოდაო“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ლამარა შათირიშვილი.

თელავში გამავალი საიდუმლო ტუნელებიდან ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება ბატონის ციხის გვირაბი, რომელსაც ჩასასვლელი პირველი საჯარო სკოლის სარდაფიდან აქვს. გვირაბში გამოედინება საიდუმლო წყარო, რომლითაც ომის დროს სამეფო კარი და სასახლეში შეხიზნული მოსახლეობა მტრისგან მალულად მარაგდებოდა.