ახალი ამბები

პატარძეულში გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა. სახლი, სადაც პოეტი ცხოვრობდა, აშენებულია გიორგი ლეონიძის მამის – ნიკოლოზის მიერ, რომელიც პატარძეულში წმ. შიოს ტაძარში მღვდელმსახურად XIX ს. 60-იან წლებში დაადგინეს. სახლი ორსართულიანია, ნაგებია რიყის ქვითა და აგურით დუღაბზე. ორივე სართულზე ორ-ორი ერთმანეთის გვერდით განლაგებული ოთახია, რომლებიც ერთმანეთს შიდა კარით უკავშირდება. ეზოს მხრიდან ორივე სართული ოთხ-ოთხი სარკმლითა და ორ-ორი კარითაა გახსნილი.

სახლი წარმოადგენს XIX საუკუნის მეორე ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს სოფლისთვის დამახასიათებელი სახლის ტიპის ნიმუშს, რომელსაც თითქმის სრულად აქვს შემონახული თავდაპირველი სახე და ამდენად ის ეთნოგრაფიული ძეგლის ნიშნის მატარებელია. 1968 წლიდან სახლს გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის სტატუსი აქვს. სახლში დაცულია: გიორგი ლეონიძის საწოლი ტახტი, დიდი საოჯახო ტახტი, რომელზეც დაიბადა პოეტი, მისი საგვარეულო ავეჯი, კოსტუმი, პირადი ნივთები და გოგლას ორი პორტრეტი, რომელიც ლადო გუდიაშვილმა დახატა.