ENAPRD სოფლის განვითარების საპროექტო წინადადებების მიღებას იწყებს
როგორც Knews.ge-ს ENPARD-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა, საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში, დაბალგანვითარებულ რეგიონებში, სოფლად, მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას, მათ შორის ეკო-მიგრანტებს, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას და ეთნიკურ უმცირესობებს. თამარ ხუნწარიას ინფორმაციით, პროექტები კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლსა და იმერეთში განხორციელდება.
“საგრანტო კონკურსის კონკრეტულ მიზანს წარმოადგენს აღნიშნული სამიზნე ჯგუფებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების (დასაქმების და დასაქმების უნარიანობის), სოციალური ინტეგრაციის და ძირითად სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. აღნიშნული კონკურსით ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში სოფლის განვითარების მხარდაჭერას, წინა პერიოდში გამოცხადებული ENPARD-ის პროექტების მსგავსად. სოფლის განვითარების პროექტები კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. 2016 წელს მსგავსი პროექტები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც დაიწყო”, – განუცხადა Knews.ge-ს თამარ ხუნწარიამ.