ახალი ამბები

მოკლული თელაველი ქალის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავებულია 1968 წელს დაბადებული თ.ბ. დანაშაული ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვ.ბ., რომელიც სამართალდამცველებმა 14 აპრილს თელეთში დააკავეს, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, თავის ახლობელთან – თ.ბ.-სთან მივიდა და მის სახლში იმალებოდა. თ.ბ.-მ მომხდარი მკვლელობის შესახებ იცოდა, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. 
სამართალდამცველებმა, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით შაბათს დააკავეს.