რუისპირის მოსახლეობა ინვესტორს დაუპირისპირდა
მოსახლეობა დაუპირისპირდა ინვესტორს, რომელმაც აღნიშნული მიწები ეკონომიკის სამინისტროსგან შეიძინა. რუისპირის მოსახლეობის თქმით, მიწების სოფლისთვის საძოვრებად გადაცემის შესახებ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელსუფლებამ მიწა ორ სხვადასხვა ინვესტორს ჩუმად, კანონის დარღვევით მიჰყიდა. მათ კი მშენებლობა უკვე დაიწყეს.
ადგილობრივების მტკიცებით, ისინი ტერიტორიას ადგილობრივები საძოვრებად და დასასვენებელ ადგილად იყენებდნენ.
,,ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს ისე გაასხვისეს 15 ჰექტარზე მეტი მიწა, რომლის ნაწილს საძოვრებად, ნაწილს კი ზაფხულში დასასვენებლად ვიყენებდით. როგორც გავიგეთ, მიწა კერძო მესაკუთრეებმა იყიდეს და ვილა და სასტუმრო უნდა ააშენონ. ინვესტორმა ადგილზე უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები. ტერიტორია შემოსაზღვრეს და იქ შესვლის საშუალებას აღარ გვაძლევენ. ჩვენთვის ამ ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზაფხულში იქ დასასვენებლად ბავშვები აგვყვავდა. არ მივცემთ მუშაობის საშუაებას ინვესტორს. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ამ მშენებლობას შევაჩერებთ. შესაძლებელია ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდეს’’,– განუცხადეს knews.ge-ს სოფელ რუისპირის მცხოვრებლებმა.
სოფლის მცხოვრებლებმა ადგილზე მობილიზებულ ტექნიკას მუშაობის უფლება არ მისცეს, რის გამოც პოლიციაც გამოიძახეს. ხელისუფლება მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას სამართლებრივი გზით ურჩევს. ინვესტორები კი ამბობენ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მიწის ფართობი კანონის დაცვით მიჰყიდა.