კახეთში 11 სამელიორაციო პროექტი განხორციელდება
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საირიგაციო და სარწყავი სისტემის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.
,,კახეთის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 42 სარეაბილიტაციო პროექტი, ჯამური ღირებულებით 23 მილიონი ლარი. ძალიან მნიშვნელოვანია ირიგაცია, წყალმომარაგება სოფლის მეურნეობაში. მოგეხსენებათ, რომ გასარწყავიანებას ეთმობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 11 სარეაბილიტაციო პროექტი, ჯამური ღირებულებით 16 მილიონ 600 ათასამდე ლარია, რომლის შემდეგაც თასობით ახალი ჰექტარი გასარწყავიანდება’’,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კახეთში წლებია სარწყავი სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ. მევენახეებისა და ფერმერების ინფორმაციით, მწყობრიდან არის გამოსული როგორც სარწყავი, ისე სადრენაჟო სისტემები. ადგილობრივები ამბობენ, რომ განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა სოფლებშია.
,,წლების განმავლობაში სარწყავი სისტემის მოწესრიგებას ვითხოვთ. არც მოსავალი მოდის ნორმალურად, ბევრი პრობლემის გადალახვა გვიწევს. შრომას ვინ ჩივის, ვალებით ვრწყავთ ნაკვეთებს და ვყიდულობთ, რაც საჭიროა მიწის დამუშავებისთვის თუ ხეხილისთვის. წყალიც ძვირია მანქანებით რომ მივიტანოთ ნაკვეთამდე. ყოველ წელს ვზარალდებით”, – განუცხადა knews.ge-ს გურჯაანში მცხოვრებმა იმედა ბურნაძემ.
ბურნაძის აზრით, საირიგაციო სისტემის ძირეული რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს, რათა წყლის დანაკარგი დიდი არ იყოს და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებამდე მივიდეს.