გურჯაანში სასტუმრო “ახაშენი ღვინის კურორტი” გაიხსნა
სასტუმრო-კომპლექსში 7,5 მლნ ლარის ინვესტიცია სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ ერთობლივად განხორციელდა პროგრამის „აწარმოე საქართველოში”, ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში (DCFTA) და „საქართველოს ბანკის” (BOG) თანადაფინანსებით.
სასტუმროს გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა მაღალი თანამდებობის პირები დაესწრნენ. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელანია, რომ სოეფლში გაიხსნა ახალი აგროტურისტული სასტუმრო, სადაც ინვესტიციის შედეგად შეიქმნა ათეულობით ახალი სამუშაო ადგილი.
,,კახეთს შეემატა აბსოლუტურად თანამედროვე ინფრასტრუქტურით გაწყობილი ულამაზესი სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტი“. სასტუმროში 7 მილიონ 500 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ერთობლივად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ – პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში არსებული პროგრამისა და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით. მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციის შედეგად შეიქმნა ათეულობით ახალი სამუშაო ადგილი, მაგრამ გვერდითი ეფექტები ამ ინვესტიციებისა გაცილებით უფრო დიდია,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა რეგიონში ტურიზმის განვითარების ტენდენციაზეც გაამახვილა ყურადღებას.
,,მოთხოვნა ასეთი ტიპის სასტუმრო კომპლექსებზე ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება. ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ 2025 წლამდე გავასამმაგოთ ტურისტების რაოდენობა საქართველოში. მხედველობაში მყავს ტურისტები, რომლებიც ტურიზმის მიზნით ჩამოდიან და შეგვიძლია ასეთი რიცხვი 10 მილიონამდე გავზარდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მართლაც და სრულიად სხვა ცხოვრების დონე მივიღოთ საქართველოში, მნიშვნელოვნად გაიზარდოს დასაქმების დონე და ქვეყნის ვიზუალური სახეც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს“, -აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.