„მაჩალიკაშვილის სახლიდან ამოღებული ხელყუმბარის განადგურებით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა“
ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, ხელყუმბარაზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება და ექსპერტიზა.
“ხელყუმბარაზე ჩატარებულია ყველა ექსპერტიზა, რისი ჩატარების აუცილებლობაც არსებობდა. ჩატარდა ყველა სამართლებრივი და საექსპერტო პროცედურები, რაც ყველა მსგავს შემთხვევაში ტარდება ხოლმე. ამ შემთხვევაში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნებს და სხვა მტკიცებულებებს, ამაზე ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოვწურავთ საგამოძიებო მოქმედებებს, დავასრულებთ გამოძიებას, მივიღებთ შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას და მხოლოდ ამის შემდგომ ვისაუბრებთ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებაზე, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებზე”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, ხელყუმბარა, მისი ვარგისიანობის დადგენის მიზნით, ექსპერტიზის ფარგლებში, 19 იანვარს ააფეთქეს. მაჩალიკაშვილების ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს ეჭვი აქვს, რომ ამ მოქმედებით სახელმწიფომ ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება გაანადგურა. მისივე თქმით,
აღნიშნული ხელყუმბარა ბრალდებულ რუსლან ალდამოვის საქმეშიც ფიგურირებს.
„სასწრაფო წესით გაანადგურეს ეს ხელყუმბარა, ოპერაციის ჩატარებიდან ერთ კვირაში. ხელყუმბარა, რომელიც მათ წარმოადგინეს, კიდევ სხვა საქმეშიც ფიგურირებს. მე ვარ წარმომადგენელი და ვიცავ ბრალდებულ რუსლან ალდამოვის ინტერესებს. ექსპრეტიზა არ ჩატარდა და ისე ააფეთქეს ეს ხელყუმბარა. ვფიქრობ, რომ აღნიშნული ხელყუმბარა იყო ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება“, – განუცხადა knews.ge-ს მაროამ კუბლაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს, დაიჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რომლის დროსაც, დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლეს. მაჩალიკაშვილი ორი კვირის მკურნალობის შემდეგ 10 იანვარს გარდაიცვალა.