სტატიები

უჭერენ თუ არა მხარს სავალდებულო გენდერულ კვოტირებას კახეთის მაჟორიტარი დეპუტატები?

 საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ერთიანი პოზიცია არ არსებობს. განსხვავებული მოსაზრებები აქვს კახეთის მაჟორიტარ დეპუტატებს. 
დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ ინიციატივას. ირაკლი შიოლაშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სიის ფორმირების დროს არ უნდა გათვალისწინებული გენდერული ფაქტორი. კანონმდებელი ფიქრობს, რომ ეს ინიციატივა ქალებისთვის შეურაცხმყოფელია. 
„არ შეიძლება კანონში ჩავდოთ ნორმა, რომ რადგან ქალბატონია, უნდა მოხვდეს პარლამენტში. ჩემი აზრით, ეს ქალბატონებისთვის შეურაცხმყოფელიც არის. დროებითი ნორმაც რომ იყოს, ადამიანი პარლამენტის წევრი უნდა ხდებოდეს გაკეთებული საქმით, რა შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა რაიონისთვის და ქვეყნისთვის. პარლამენტში ჩვენ გვყვავს ქალბატონები, მათ შორის მაჟორიტარული წესით არჩეულები. ისინი მოსახლეობამ აირჩია თავიანთი საქმით, რაც მათ გააკეთეს თავიანთი რაიონისთვის. ადამიანების ხელოვნურად მოხვრედრა პარლამენტში ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი“, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი შიოლაშვილმა. 
თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი საარჩევნო სიებში სავალდებულო გენდერულ კვოტირებას იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ ეს იქნება მხოლოდ ერთჯერადი ინიციატივა. გელა სამხარაულის აზრით, საარჩევნო სიის ფორმირების დროს მთავარი უნდა იყოს კანდიდატის კვალიფიკაცია და არა მისი სქესი.
„მე მიმაჩნია, რომ საარჩევნო სიაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ადამიანის პიროვნულ თვისებებს, განათლებას და ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სქესის წარმომადგენელი იქნება, მაგრამ არის მეორე მხარე. ვფიქრობ, რომ ერთჯერადად საჭიროა ბიძგი მიეცეთ ქალებს. თუ სავალდებულო გენდერული კვოტირება იქნება ერთჯერადი, მე დავუჭერ მხარს. თუ ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს, მაშინ მხარს არ დავუჭერ. მე ვფიქრობ, რომ თუ მუდმივად საარჩევნო სია გენდერული მიმართულებით კანონით უნდა განისაზღვროს, ეს ქალბატონებისთვის შეურაცხმყოფელიც კი იქნება“, – ამბობს Knews.ge-სთან საუბრისას გელა სამხარაული.
გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს საკითხთან დაკავშირებით პოზიცია ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული. დავით სონღულაშვილი ვერ აკონკრეტებს, დაუჭერს თუ არა მხარს 37 455-მა ამომრჩევლის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას. 
„მნიშვნელოვანია როგორც აღმასრულებელ ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში ქალთა ჩართულობა. რაც შეეხება სავალდებულო გენდერულ კვოტირებას, მე ჯერ ჩამოყალიბებული არ მაქვს ჩემი პოზიცია. კანონპროექტის საბოლოო ვარიანტიც არ არის შემუშავებული. პარლამენტში მიმდინარეობს განხილვა. წინასწარ ვერ გეტყვით დავუჭერ თუ არა მხარს სავალდებულო გენდერული კვოტირების დაწესებას“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას დავით სონღულაშვილი.
სავალდებულო გენდერული კვოტირების დროებითი მექანიზმის დაწესების მომხრეა ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი, თუმცა ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნებზე აღნიშნული რეგულაციის ამოქმედებას ეფექტი არ ექნება. გურამ მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ პარტიებს უნდა ჰქონდეთ ვალდებულება, საარჩევნო სიებში წარადგინონ არა ყოველი მეორე, არამედ ყოველი მესამე განსხვავებული სქესის კანდიდატი.
„ორად არის გაყოფილი აზრი – გენდერული კვოტირება დაწესდეს 2020 თუ 2024 წლიდან. ჩემი აზრით, 2020 წლის არჩევნებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირების დაწესება არ შეცვლის არსებულ ვითარებას. ჩვემ უნდა ვიმუშაოთ სხვა მიმართულებით. ეს არის მენტალობა, ქალების სურვილის ნაკლებობა. ჩვენ ამ მიზეზების აღმოფხვრაზე უნდა ვიმუშაოთ. მე ვფიქრობ, რომ საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირება უნდა იყოს 2024 წლიდან და ყოველი მესამე უნდა იყოს ქალი, თუმცა ეს უნდა იყოს ერთჯერადი ღონისძიება“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
საქართველოს პარლამენტის წევრი ირინა ფრუიძე აღნიშნავს, რომ კანონპროექტი, რომელიც ეხება სავალდებულო კვოტების დაწესებას, არის დროებითი მექანიზმი თანასწორობის მისაღწევად და აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკა. ფრუიძე კანონმდებლებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
2017 წლის 12 ივნისს, 37 455-მა ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიული სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი.