საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი მეორედ ჩატარდება
კონკურსი ასოციაცია“ ქართული ღვინის“ ინიციატივით და ორგანიზებით ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართება. როგორც knews.ge-ს ასოციაცია „ქართული ღვინის“ მარკეტინგის მენეჯერმა განუცხადა, კონკურსის მიზანი მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა (როგორც ქართული ასევე უცხოური), ქვევრის ღვინის წარმოების, მოხმარების ხელშეწყობა. გიორგი აფხაზავას ინფორმაციით, კონკურსი ამავე დროს ითვალისიწნებს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებას. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ქვევრის ღვინის მწარმოებელს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან.
„კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, მევენახე, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება. კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს: ღვინო ქვევრში უნდა იყოს დაყენებული ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის წესების დაცვით, ღვინის მინიმალური რაოდენობა 500 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს. წარდგენილი თითოეული ნიმუში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში, ბოთლს უნდა ჰქონდეს კომერციული ეტიკეტი“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი აფხაზავამ.
მისივე თქმით, საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღვრება მიღებული ნიმუშების რაოდენობით. კომპანიის ანონიმურობა გასინჯვისას დაცული იქნება. საკონკურსო ნიმუშების გაგზავნა 2018 წლის 25 აპრილამდე გაგრძელდება. ნიმუშები უნდა გაიგზავნოს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 -დან 17:00 საათამდე ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს მისამართზე: ქ. თბილისი, მთაწმინდის ქ. 12. ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 20 ლარს.