სურსათის ეროვნული სააგენტო აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მოწმდება სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობები. სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ სპეციალიზებული მაღაზიების კონტროლი, სადაც აგროქიმაკატები იყიდება.
,,შარშან მოსავლის განადგურების ფაქტი შეიძლება დავაბრალოთ შხამ–ქიმიკატების უხარისხობას, მაგრამ, ასევე, პრობლემა შექმნა იმანაც, რომ ფერმერებმა და გლეხებმა ვერ მოახერხეს აგროვადებში მოსავლის შეწამვლა წვიმების გამო. ვიღებთ საეჭვო წარმომავლობის პესტიციდების ნიმუშებს და მათ ლაბორატორიულად ვამოწმებთ. მწარმოებელი ფირმა გარანტიას იძლევა მხოლოდ იმ პესტიციდზე, რომლებიც არის ორიგინალ შეფუთვაში. თუ შეფუთვა დარღვეულია, იქ შეიძლება დაფიქსირდეს წამლის ფალსიფიცირება”, – განუცხადა knews.ge–ს ზურაბ ლიპარტიამ.
კახელები ფერმერები და მევენახეები აგროქიმიკატების უხარისხობის გარდა, მის მაღალ ფასზეც ჩივიან.
,,წელს ძალიან ძვირი დაგვიჯდება ნაკვეთების დამუშავება. ისედაც ძალიან გვიჭირს, ბევრი ხარჯია, სასუქი, შხამქიმიკატები, საწვავი, მორწყვა და სხვა ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ფულს ვიხდით, ვყიდულობთ და უმეტესობა უხარისხოა. არც პროდუქცია მოდის და გვრჩება ვალები გადასახდელი, ამიტომ ხალხი იძულებულია, მიწები გაყიდოს”, – განუცხადა knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ფერმერმა, გოგი ბადურაშვილმა.