თელავში გოგა ხაინდრავას ფილმის ჩვენება გაიმართა
,,ოცნებების სასაფლაო” გადაღებულია აფხაზეთში და მასში ომის დოკუმენტური კადრებია ასახული. ფილმში აფხაზეთის ომის მონაწილე რეალური პირები მონაწილეობენ.
ღონისძიების ორგანიზატორის, კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კანაშვილის თქმით, 2015 წელს “ოცნებების სასაფლაოს” ნეგატივს რესტავრაცია ჩაუტარდა. გოგა ხაინდრავას ცნობილი ნამუშევრის ერთადერთი ორიგინალი აქამდე საფრანგეთში ინახებოდა.
,,კავკასიური სახლი მრავალი წელია მუშაობს საქართველოში და არა მხოლოდ კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებაზე. თბილისში ხშირად ბევრი აქტივობა და ღონისძიება იმართება. სამწუხაროა, რომ რეგიონებში ბევრი რამ ამ მიმართულებით არ ხდება. ცოტა ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ საქმიანობები, რომლებსაც ძირითადად დედაქალაქში ვანხორციელებდით, გაგვეშალა რეგიონებში. სწორედ ამ მიზნით თელავში ვაჩვენეთ გოგა ხაინდრავას ფილმი, რომელიც არის ერთ-ერთ საუკეთესო, საქართველოს და, კერძოდ, აფხაზეთის კონფლიქტზე გადაღებული. მოხარულები ვართ, რომ თელავში დაგვხვდა მომზადებული აუდიტორია. იმედი მაქვს, რომ მომავალში ხშირად გვექნება საშუალება, გავმართოთ მსგავს თემებზე დისკუსია და მოქალაქეები იქნებიან უფრო აქტიურები’’,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი კანაშვილმა.
ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა. დაინტერესებული მოქალაქეების კითხვებს კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა უპასუხა. მისი თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, თუ რა რესურსები აქვს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით.
,,ფილმმა კიდევ ერთხელ გააღვიძა და გაამძაფრა ის განცდა, რაც ჩვენ გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ. კარგად გამოჩნდა ის, თუ რამდენად უსარგებლო ომი იყო, როცა ძმა ძმას ებრძოდა და ფილმშიც კარგად ჩანს ორი მოგვარის დაპირისპირება. ეს არის ძალიან კარგი ფილმი, რომელიც რეალობას ასახავს. თელავში საკმაოდ საინტერესო დისკუსია გაიმართა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა რესურსები გააჩნია საქართველოს კონფლიქტების მოგვარების კუთხით და რა პლიუსები და მინუსებია. კონფლიქტები ჩვენი სამწუხარო რეალობაა და ამაზე მსჯელობა უნდა იყოს აქტიური. ნებისიერ დონეზე და ნებისმიერ საკითხზე აუცილებელია მოსახლეობამ მიიღოს კითხვებზე პასუხი,’’- განუცხადა knews.ge-ს პაატა ზაქარეიშვილმა.
ფილმის ჩვენება ჩატარდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფინანსური მხარდაჭერით.