ევროკავშირის ბაზარზე ქართული ჩირის ექსპორტი იზრდება
კომპანია ,,ჯეო ფლაურის” დირექტორის, მამუკა ხურციძის ინფორმაციით, ქართულ ჩირზე გერმანიაში განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა.
,,კომპანია თვეში 45-50 ტონა ჩირს აწარმოებს და მთლიანად ექსპორტზე ვართ ორიენტირებულნი. ცოტა ხნის წინ წარმოება და ასორტიმენტი გავაფართოვეთ. ქარხანაში ხილს საშრობი დანადგარებით ვაშრობთ,” – განაცხადა ხურციძემ.
კომპანია ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული პროდუქციის მხოლოდ 1%–ს ყიდის. სტატისტიკური მონაცემებით, ევროკავშირის ბაზარზე გარდა ჩირის გარდა, მოთხოვნა იზრდება ქართულ თხილზე, ღვინოზე, თაფლზე, მაჟალოზე, ნიორზე, ასკილსა და ფურისულაზეც.
,,ხურმის მოსავალი საკმაოდ ბევრი მაქვს. უახლოეს მომავალში გერმანიაში გავიტანთ პროდუქციას. 10 ტონა ხურმის ჩირის შეკვეთა გვაქვს. ვიცით, როგორ უნდა დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნები. უპირველეს ყოვლისა პროდუქტი უნდა იყოს ხარისხიანი და შეფუთული და რაც მთავარია ლაბორატორიულად შემოწმებული“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ფერმერი იზოლდა ქიტესაშვილი.
ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ქართულ პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.