ახმეტაში ეკოლოგიურად სუფთა საწვავს აწარმოებენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეროვნული საშენი მეურნეობის დაქვემდებარებაში მყოფი ბრიკეტების საწარმოს მშენებლობის პროექტი მწვანეთა მოძრაობის „დედამიწის მეგობრები“ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით განხორციელდა.
„ჩვენთვის პრიორიტეტია ტყეზე ზეწოლის შემცირება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული საწვავი საშუალებების წარმოების განვითარებას შევუწყოთ ხელი. ერთ-ერთი ასეთ საშუალება, რომელიც ევროპაში დიდი ხანია უკვე არსებობს, ნარჩენებისგან დამზადებული ბრიკეტებია. ბრიჯეტები მაღალი თბოუნარიანობითაც გამოირჩევა და ეკოლოგიურად სუფთაა. მნიშვნელოვანია, რომ ბრიკეტი ჩაანაცვლებს შეშას, ამიტომ მისი წარმოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად წახალისებული იქნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელის ინფორმაციით, საწარმოში ნედლეულის გარკვეული რაოდენობა უკვე შეიტანეს.
,,სატყეო და ენერგეტიკულ სექტორში ჩატარებულმა კვლევებმა დააფიქსირა შეშის დეფიციტი. შეშის ერთ-ერთ ალტერნატივად ჭრის ნარჩენებისგან და მეორადი ხეტყის ბიომასისგან წარმოებული ბრიკეტი უკვე აქტიურად განიხილება”, – განაცხადეს კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ქსელში.