კომპანია ბადაგონის ორივე საწარმომ მუშაობა შეაჩერა
როგორც knews.ge-ს “ბადაგონის” ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა, საწარმოების საქმიანობის შეჩერების მიზეზია კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურის შესვლა.
“დღეს კომპანია “ბადაგონის” სათაო ოფისში შემოვიდა საგამოძიებო სამსახური, რის გამოც მანავისა და ზემო ხოდაშენის საწარმოებმა მუშაობა შეაჩერეს. ვცდილობთ, რომ საწარმოებმა მუშაობა მალე განაახლონ. საგამოძიებო სამსახურის შემოსვლის შემდეგ ჩვენი ყველა თანამშრომელი პარალიზებულია. ყველა თანამშრომლის კომპიუტერიდან ამოიღეს ინფორმაცია. საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ეს არის წილებს შორის დავა. ამ სახის დავას განიხილავს საქალაქო სასამართლო. როდესაც ერევა ფინანსური პოლიცია, ეს ნიშნავს, რომ სურთ “ბადაგონის” გაკოტრება. ამ ფაქტს არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ პროცესთან. ეს არის 2006 წლს ჩატარებული სპეცოპერაციის გამეორება. მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებამ ამის გამო ბოდიში მოიხადა. 2006 წლის შემდეგ თუ მსგავსი ვანდალური ფაქტი განმეორდებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პოლიტიკური მოტივით გააკეთეს”, – განუცხადა Knews.ge-ს კომპანია “ბადაგონის” ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა.
კომპანია „ბადაგონის“ საქმესთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შპს ,,ბადაგონის“ სათავო ოფისში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და არა უშულოდ საწარმოებში. საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, აღნიშნული ღონისძიებები ხელს არ უშლის წარმოების პროცესის მიმდინარეობას.
„ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კონკრეტული გარემოებების შესწავლის და დადგენისთვის საჭირო დოკუმენტების და ელექტრონული ინფორმაციის ამოღება, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს წარმოების შეჩერებასთან. აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილია კომპანიას მიაწოდოს ყველა ამოღებული დოკუმენტის ასლი“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.