სტატიები

სიღნაღის მერს ყოფილი თანაშემწე სასამართლოში უჩივის

სუხიაშვილის ინფორმაციით, იგი თვითმმართველ ერთეულში, აღნიშნულ თანამდებობაზე, სამი წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა პირველ იანვარს ვადა ამოიწურა და სიღნაღის ახლად არჩეულმა მერმა მას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.
,,უკანონოდ გამათავისუფლეს სამსახურიდან. ამით დაირღვა ჩემი, როგორც დასაქმებულის უფლებები. სწორედ ამიტომ, სიმართლის დასადგენად სასამართლოს სარჩელით მივმართე. ასევე ვგეგმავ მივმართო სახალხო დამცველს. მოვითხოვ კომპენსაციას, სამსახურში აღდგენას და მორალური ზიანის ანაზღაურებას“, – აღნიშნა მაია სუხიშვილმა.
სიღნაღის მუნიციპლაიტეტის მერის, გიორგი გოგილაშვილის განმარტებიღ, სუხიშვილის მუშაობით უკმაყოფილო იყო, რის გამოც ის კანონის საფუძველზე გაათავისუფლა. 
„მისი მუშაობით უკმაყოფილო ვიყავი, ამ საკითხზე რამდენჯერმე ვესაუბრე მას. საბოლოოდ კი გადაწყდა აღნიშნული თანამდებობა სხვას დაეკავებინა. ჩვენ მაია სუხიშვილს შევთავაზეთ სხვა სამსახური, რაზეც უარყოფითი პასუხი მივიღეთ. თუ ის ჩივილს აპირებს, ეს მისი უფლებაა”, – განაცხადა გიორგი გოგილაშვილმა.
სიღნაღის მერის თანაშემწის თანამდებობა თამთა ზაქარეიშვილმა დაიკავა. როგორც knews.ge-ს ვიცე მერმა განუცხადა, იგი გამოცდილი და კვალიფიციური კადრია და აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსი არ გამოცხადებულა. მადონა ბატიაშვილის განმარტებით, თვითმმართველ ერთეულში ხელშეკრულებით პირის დასაქმება კონკურსის გარეშეც არის შესაძლებელი.
,,აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი არ გამოცხადებულა, რადგან წინა პირიც და ახალი კადრიც თანამდებობაზე ხელშეკრულებით არის აყვანილი. შეგვეძლო გამოგვეცხადებინა კონკურსი, მაგრამ ამ შემთხვევაში არ დაგვირღვევია კანონი. ამის უფლება გვქონდა. აღნიშნულ თანამდებობაზე უკვე აყვანილია ახალი კადრი, რომელიც კვალიფიციურია და დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს. რაც შეეხება ბრალდებას ნეპოტიზმთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. მაია სუხიშვილის ის განცხადება, რომ თითქოს მერიაში ქალთა ოთახი მისი ინიციატივით შეიქმნა, არასწორია. მსგავსი ქალთა ოთახები პროექტის ,,moli კახეთში” ფარგლებში ეტაპობრივად ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნა. შესაბამისად აღნიშნულ თანამდებობაზე ცვლილება, რომელიც მოხდა, მხოლოდ ემსახურებოდა ქალთა ოთახის და გენდერული მიმართულებით მერიის მუშაობის გააქტიურებას, რასაც სუხიშვილი ვერ ახერხებდა’’,- განუცხადა knews.ge-ს მადონა ბატიაშვილმა.