დავით გარეჯი საფრთხეში მყოფი ძეგლების ნუსხაში მოხვდა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ძალთა გაერთიანებას განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო ქმედებების დასაჩქარებლად. მიხეილ გიორგაძის თქმით, დავით გარეჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი ეროვნული ძეგლი, 2017 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნულ წინასწარულ ნუსხაშიც შედის.
“ევროპა ნოსტრას საქართველოს წარმომადგენელმა – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობიდან და მის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების მასშტაბურობიდან გამომდინარე, შემდგომი შესწავლის, კონსერვაციისა და ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვის მიზნით, 2017 წელს წარადგინა პროგრამაში “განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლი”. მნიშვნელოვანია, რომ ,,ევროპა ნოსტრა” უზრუნველყოფს შერჩეული 7 ძეგლისთვის, ადგილზე, ვიზიტის საფუძველზე, დეტალური საექსპერტო რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ნომინაცია, ასევე, იძლევა უნიკალურ საშუალებას ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბით ფონდების მოძიებისათვის, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაფინანსების წყაროების გამოყენებით. “ევროპა ნოსტრას” ექსპერტთა ჯგუფმა, დავით გარეჯის ჩათვლით, სულ12 ძეგლის წინასწარი ნუსხა შეადგინა. ევროპაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის საბოლოო სია მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდება. ექსპერტთა ჯგუფმა, 12 ძეგლის წინასწარი ნუსხა, ამ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების გამორჩეული კულტურული ღირებულებისა და მათ წინაშე მდგარი საფრთხის საფუძველზე შეადგინა. მნიშვნელოვან კრიტერიუმად იყო მიჩნეული მათ გადარჩენაში ადგილობრივი თემების, საჯარო და კერძო დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ასევე, აღნიშნული ძეგლების პოტენციალი – იქცნენ მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კატალიზატორად’’, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.