თემირლან მაჩალიკაშვილის მისაღებად თანხმობა თურქეთის ორმა კლინიკამ გამოთქვა
ერთი კლინიკა ოჯახმა მოიძია, ხოლო მეორესთან მოლაპარაკებას ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებდა. როგორც knews.ge–ს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა, თურქულ კლინიკას ადგილის პრობლემა არ აქვს და მზად არის, უახლოეს მომავალში მიიღოს პაციენტი. მისივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
„თურქეთის ერთ-ერთი კლინიკა მაზდ არის, თემირლამ მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირება უზრუნველყოს, სადაც გაგრძელდება პაციენტის მკურნალობა. ეს ოფიციალური ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა. სამინისტროს ინფორმაციით, თურქულ კლინიკას ადგილის პრობლემა არ აქვს და მზად არის, უახლოეს პერიოდში მიიღოს პაციენტი. ამ ეტაპზე თემირლანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და კვლავ მძიმეა“ – განუცხადა knews.ge–სზაზა ლურსმანაშვილმა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, სად გააგრძელებს დაჭრილი ახალგაზრდა მკურნალობას. როგორც knews.ge–ს დაჭრილი ახალგაზრდის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსებაზე თანხმობის პასუხს ელოდებიან.
„თურქეთიში მკურნალობა ძალიან ძვირია. ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი შვილის თურქეთში მკურნალობის ხარჯები დავფაროთ. ჩვენ ველოდებით პასუხს, დააფინანსებს თუ არა თემირლანის მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო“, – განუცხადა knews.ge–ს მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს. ბრალდებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია 26 დეკემბერს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ის თბილისში 28 დეკემბერს გადმოიყვანეს. სპეცრაზმის წევრების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში, 26 დეკემბერს, გამთენიისას, ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი და ბადურ ჩოფანაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობა შეუფარდა.