ექიმი – პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
როგორც knews.ge-ს საავადმყოფოს ექიმმა, ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა, პაციენტი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება და სამედიცინო კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი პარამეტრი გაუარესდა.
„პაციენტი ისევ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი წნევის პარამეტრებს სპეციალური მედიკამენტების საშუალებით ვუნარჩუნებთ. ყველა ტიპის გამოკვლევა ჩაუტარდა. კვლევებით ზოგიერთი პარამეტრის გაუარესება შეიმჩნევა “, – განუცხადა Knews.ge-ს ზაზა ლურსმანაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს. ბრალდებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია ოთხი დღის წინ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ის თბილისში 28 დეკემბერს გადმოიყვანეს. სპეცრაზმის წევრების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში, 26 დეკემბერს, გამთენიისას, ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი და ბადურ ჩოფანაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობა შეუფარდა.