გურჯაანში მყარი ნარჩენების დახარისხება იწყება
როგორც knews.ge–ს გურჯაანის მერიის ინფრასტრუქუტურის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, თეიმურაზ ბაჩუკაშვილმა განუცხადა, მყარი ნარჩენების სეპარირება პირველ ეტაპზე ქალაქიდან დაიწყება და ქუჩებში სამი სახის კონტეინერი განთავსდება. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 1520 კონტეინერი დაიდგმება.
„მომზადებული გვაქვს სოფლების რუკა. უკვე ცნობილია, სადაც უნდა განთავსდეს კონტეინერები. ვაპირებთ, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით შევიძინოთ 8 ნაგავმზიდი, 2 მცირეგაბარიტიანი მანქანა. მომავალი წლიდან სავარაუდოდ დავიწყებთ ნარჩენების სეპარირებას ქალაქში. დიდ მაღაზიებთან დაიდგმება განსხვავებული ფერის კონტეინერები, რომლებიც განკუთვნილი იქნება მყარი ნარჩენებისთვის, ქაღალდისთვის და პლასტმასისთვის”, – განუცხადა knews.ge–ს თეიმურაზ ბუჩუკაშვილმა.
გურჯაანის მერიამ 5 წლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა უკვე დაიწყო და ნაგვის ურნების საყიდლად 2018 წლის ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარი გამოყო. ,,ნარჩენების მართვის კოდექსის ” თანახმად, საქართველოს ნარჩენების სეპარირების საკითხის მოგვარებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს, რომლის განხორცილებაც უკვე 2019 წლიდან სავალდებულო გახდება.