სტატიები

ადგილობრივ ხელისუფლებას სოფელ ანაგის მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულობენ

 გოგოლაშვილი ირწმუნება, რომ ანაგის ადმინისტრაციულ ერთეულში სიღნაღის მერის წარმომადგენელი ზაქარია ალხანაშვილი და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ვანო მირიანაშვილი მოსახლოებას აიძულებდნენ, მონაწილეობა არ მიეღოთ სოფლის გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით გამართულ დღევანდელ აქციაში. მისივე მტკიცებით, მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლის გამო აქციაში ადგილობრივების ძალიან მცირე ნაწილმა მიიღო მონაწილეობა. 
„დღეს დავაანონსეთ აქცია, რომ გზა გადაგვეკეტა. დილიდან საკრებულოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ვანო მირიანაშვილი და სოფლის რწმუნებული დადიოდნენ, ხალხს აფრთხილებდნენ და აშინებდნენ, აქციაზე არ მოსულიყვნენ. ზეწოლის გამო აქციაზე იმდენი ადამიანი არ მოსულა, რომ გზა გადაგვეკეტა, მაგრამ აქცია გაიმართა. საპროტესტო მუხტი ნამდვილად არის და ეს გაგრძელდება, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობისთვის არ იქნება სოფელ ანაგის გზის რეაბილიტაცია და არ მოითხოვს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან თანხის გამოყოფას“, – განუცხადა knews.ge–ს ნინო გოგოლაშვილმა. 
გოგოლაშვილის ინფორმაციით, მან გადაიღო ვიდეო, სადაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ვანო მირიანაშვილი ამბობს, რომ სოფელ ანაგის გზის რეაბილიტაცია არ განხორციელდება. 
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კი ნინო გოგოლაშვილს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. ვანო მირიანაშვილი ამბობს, რომ გოგოლაშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უსაფუძვლოდ მოსახლეობის დაშინება დააბრალა. 
„ნინო გოგოლაშვილმა პროვოკაცია მოაწყო. მან მე შეურაცხყოფა მომაყენა და დამაბრალა თითქოს პოლიციის მანქანით დავდიოდი და მოსახლეობას ვაშინებდი, აქციაზე არ მისულიყვნენ. თბილისში ვიყავი, სოფელში დღეს ჩამოვედი და გავიგე, რომ აქცია უნდა ჩაეტარებინათ. აქციაზე სულ ოთხი ადამიანი იყო“, – აღნიშნავს knews.ge–სთან საუბრისას ვანო მირიანაშვილი. 
ნინო გოგოლაშვილს ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და მოსახლეობაზე ზეწოლას გამორიცხავს სოფელ ანაგაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელიც. ზაქარია ალხანაშვილი ამტკიცებს, რომ აქციის შესახებ დღეს შემთხვევით გაიგო. 
„სოფელ ანაგაში ერთ ადამიანს ვერ ნახავთ, რომელიც იტყვის, რომ მე ვინმე დავაშინე და მოვუწოდე, აქციაზე არ მისულიყვნენ. დღეს სოფლის ადმინისტრაციული შენობიდან შემთხვევით გამოვიხედე და გავიგე, რომ აქცია უნდა ჩაეტარებინათ. აბსურდია, რომ მე ვინმეზე ზეწოლა მოვახდინე“, – განუცხადა knews.ge–ს ზაქარია ალხანაშვილმა. 
დღეს სოფელ ანაგის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები სოფლის გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ სოფლის გზა სერიოზულად არის დაზიანებული და წვიმიან ამინდში ფეხით გადაადგილება შეუძლებელია, ზამთრის პერიოდში კი, ზოგჯერ სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ აღწევს დანიშნულების ადგილამდე. მათ გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართეს. 
სოფელ ანაგაში სიღნაღის მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, მომავალ წელს იგეგმება გზის მოხრეშვა და სანიაღვრე არხების მოწყობა. ზაქარია ალხანაშვილის მტკიცებით, ხევის სათაო ნაგებობის რეაბილიტაცია დაწყებულია, რათა წყალმა მოსახლეობას პრობლემა არ შეუქმნას.