თელავის ბატონის ციხის რეაბილიტაცია სრულდება
სასახლის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების მუზეუმი შენდება, სადაც შეიქმნება საგამოფენო სივრცე და საკონფერენციო დარბაზები. როგორც knews.ge-ს კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, ვიზიტორები განახლებული ბატონის ციხის დათავლიერებას უახლოეს მომავალში შეძლებენ. მისივე თქმით, ბატონის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
,,ბატონის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა ახალი თანამედროვე დიზაინით შექმნილი მუზეუმი, რომელიც იქნება საგამოფენო სივრცე. პროექტზე დახარჯულია 6 მილიონ ლარზე მეტი. ვფიქრობთ, ეს სივრცე იქნება ტურისტებისთვის საინტერესო და მიმზიდველი’’,– განუცხადა Knews.ge–ს ირაკლი ქადაგიშვილმა.
ბატონის ციხის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე. მისი თქმით, მუზეუმი გაზაფხულიდან ტურისტებს გაზაფხულიდან მიიღებს.
,,თელავში ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულდება მუზეუმის მშენებლობა. ის გაზაფხულიდან მოემსახურება გაზრდილი რაოდენობის ტურისტებს. ტურისტების მზარდი რაოდენობა მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონისთვის და შესაბამისად მათ უნდა შევუქმნათ კომფორტული, საინტერესო გარემო’’,– განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.