სტატიები

თელავის მუნიციპალიტეტში სტრუქტურული რეორგანიზაცია დასრულდა

გაერთიანებულ თელავის მერიაში შეიქმნა დამატებით კიდევ ერთი სამსახური და ორი განყოფილება. მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად, რომელსაც საკრებულომ დაუჭირა მხარი, 9 სამსახური და 21 განყოფილება ჩამოყალიბდა. ნინო აფციაური ირწმუნება, რომ ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნით მერიის საქმიანობა უფრო ეფექტური გახდება. 
,,სოციალურ საკითხთა განყოფილება ქალაქ თელავის მერიასა და თემშიც ფუნქციონირებდა. ახალი საშტატო ნუსხის თანახმად, აღნიშნული განყოფილების რეორგანიზაცია მოხდა და ჩამოყალიბდა, როგორც სამსახური. გარდა ამისა, კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილებას გამოეყო ძეგლთა დაცვის განყოფილება და ცალკე ჩამოყალიბდა. ასევე გაიყო კიდევ ერთი განყოფილება. ტურიზმის და საგარეო ურთიერთობის განყოფილებას გამოეყო ტურიზმის განვითარების განყოფილება და ცალკე ერთეულებად ჩამოყალიბდა. ვფიქრობთ, ამ ცვლილებებით ყველა სამსახურის და განყოფილების მუშაობა იქნება შედეგიანი და მეტად ეფექტური’’,– განუცხადა knews.ge-ს ნინო აფციაურმა.
თელავის მერიაში განყოფილებების გაყოფის პროცესმა ადგილობრივებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თელავლების ნაწილი ფიქრობს, რომ აღნიშნული ცვლილება თვითმმართველობის მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის. მოქალაქეების გარკვეული ნაწილი კი რეორგანიზაციას ნეპოტიზმს უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკები ახალ სტრუქტურულ ერთეულებში საკუთარ ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს დაასაქმებენ. 
,,ჩვენ ვინ რას გვეკითხება, საჯარო მოხელეებისთვის რაც იქნება კარგი და საიდანაც მეტ ფულს აიღებენ იმას აკეთებენ. არც ადრე კეთდებოდა რამე თუნდაც სოციალური მიმართულებით და არც ახლა გვაქვს რამის იმედი. იმისთვის, რომ თელავის მერიის სამსახურებმა ეფექტურად იმუშავონ, არ სჭირდება მეტი ხალხის დამატება და შტატების გაბერვა. იმედი მაქვს, მართლაც გააკეთებენ საქმეს,’’– განუცხადა Knews.ge-ს ქალაქ თელავში მცხოვრებმა ლუიზა მამარდაშვილმა.
,,იმისთვის, რომ სამსახურების ფუნქციონირება უფრო ეფექტური იყოს, საჭიროა ყველა მიმართულებაზე სხვადასხვა სამსახური მუშაობდეს, იმიტომ რომ როცა ერთად არის კულტურა, განათლება, ძეგლთა დაცვა ან სპორტი, ყველაფერზე რამდენიმე კაცი ვერ ვერ იმუშავებს. ვფიქრობ ცალკ–ცალკე უფრო ეფექტური იქნება აღნიშნული სამსახურების მუშაობა’’,– განუცხადა Knews.ge–ს ქალაქ თელავში მცხოვრებმა მანანა გოგნიაშვილმა.