სტატიები

თელავის მერიაში თანამშრომელთა შერჩევა მობილობის წესით მიმდინარეობს

როგორც knews.ge–ს თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა განუცხადა, საჯარო მოხელეები დაინიშნებიან გამოცდილების, კომპეტენციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე შექმნილი სპეციალური კომისიის შეფასების მიხედვით. 
„გასაუბრება გაუქმებული მუნიციპალიტეტების თანამშრომლებთან დასრულდა. მერიაში თანამშრომლები თანამდებობებზე დანიშვნის დროს ერთ–ერთი მთავარი კრიტერიუმი მათი გამოცდილება და კომპეტენცია იქნება. შერჩევის ერთ–ერთი კრიტერიუმია საჯარო პროფესიულ მოხელეთა სპეციალური კომისიის შეფასება, რომელიც არჩევნებამდე შეიქმნა. თელავის მერიაში სულ მერისა და მისი მოადგილეების ჩატვლით 155 თანამშრომელი იმუშავებს. თანამშრომელთა ვინაობა ხვალ, დღის ბოლოს, გახდება ცნობილი“, – განუცხადა knews.ge–ს შოთა ნარეკლიშვილმა. 
მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესი. მესამე სექტორში მიუთითებენ, რომ მობილობის განხორციელებისათვის კანონი არ ითვალისწინებს შეფასების განხორციელების საჭიროებას და მისი შედეგების გათვალისწინების აუცილებლობას, რადგან ნებისმიერი პირი უნდა დაექვემდებაროს მობილობას მისი შეფასების შედეგების მიუხედავად. 
“მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია და ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე ცვლილებები მმართველმა გუნდმა წინასაარჩევნოდ, თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის გარეშე დაგეგმა, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხსა და მის დეცენტრალიზაციაზე. 2017 წლის 26 ივლისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მთავრობამ გაუქმებულ და ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტებში განსაზღვრა რიგი პროცედურები, მათ შორის, საჯარო სამსახურის ბიუროს წარდგინებით, გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესი, რომლის მიხედვით, გაუქმებულ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულმა მოხელეებმა გასაუბრება გაიარეს და შეფასდნენ სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. შეფასების შედეგები გათვალისწინებულია თანამშრომელთა მობილობისას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის მიხედვით: „საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით“. შესაბამისად, მობილობის განხორციელებისათვის კანონი არ ითვალისწინებს შეფასების განხორციელების საჭიროებას“, – განუცხადა knews.ge–ს მარეხ მგალობლიშვილმა. 

მგალობლიშვილი ამავე დროს საქართველოს მთავრობის მიერ შეფასების სპეციალური დროებითი წესის დადგენას მობილობის წარმართვის წინაპირობის სახით მიზანშეუწონლად მიიჩნევს. 
,,აღსანიშნავია, რომ ახლადშექმნილ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული პირები სხვა საჯარო მოხელეებთან მიმართებაში არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ვინაიდან ისინი დამატებით გაივლიან შეფასებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მობილობა უნდა განხორციელდეს: საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მობილობის ზოგადი წესის გათვალისწინებით, საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით და საჯარო მოხელეები უნდა შეირჩნენ კონკრეტული ფუნქციებისა და სამუშაო აღწერილობების გათვალისწინებით“, – აღნიშნა მგალობლიშვილმა. 
მესამე სექტორი თელავის მერს მოუწოდებს საჯარო მოხელეთა შერჩევის პროცესში გაითვალისწინოს ობიექტური კრიტერიუმები, როგორებიცაა განათლება, კვალიფიკაცია, სამუშაო გამოცდილება, დისციპლინური პასუხისმგებლობის არქონა და ა.შ.