2019 წლისთვის კახეთში არსებული ნაგავსაყრელები დაიხურება
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება, რომელიც ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება.
როგორც კომპანიის კახეთის რეგიონულმა კოორდინატორმა, ანზორ სანდროშვილმა Knews.ge-ს განუცხადა, აღნიშნულ ნაგავსაყრელზე რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს შეიტანენ.
მისივე თქმით, ნაგავსაყრელის ასაშენებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. ახალი ნაგავსაყრელების პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. ანზორ სანდროშვილის განცხადებით, არსებული ნაგავსაყრელები სტანდარტების შესაბამისად დაიხურება.
,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის ტერიტორიაზე მოეწყობა დახურული მუნიციპალური ნაგავსაყრელი, სადაც კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან ნარჩენების შეტანა შესაძლებელია. იქ ასევე ნარჩენების გადაამუშავებენ. პირველ ეტაპზე დავაკვირდებით საბოლოო ჯამში რა რაოდენობის ნაგავს მივიღებთ და შემდეგ სათანადო ინფრასტრუქტურაც აშენდება’’,– განუცხადა knews.ge-ს ანზორ სანდროშვილმა
პროექტის პარტნიორია საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია(SWMCG), ხოლო მხარდამჭერია გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომელიც საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის მხრივ ვითარების გაუმჯობესებაში ეხმარება.