ანომალიურად ცივი ზამთრის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნულ სააგენტოში არ ადასტურებენ
სააგენტოს განცხადებით, ამინდის პროგნოზის მსოფლიოს მოწინავე ცენტრები ამინდის გრძელვადიან, ე.წ. სეზონურ პროგნოზებს ამზადებენ და ავრცელებენ საპროგნოზო სეზონის დადგომამდე 10-15 დღით ადრე.
“ამ ტიპის პროგნოზების შესადგენად გამოიყენება როგორც რიცხვითი, ასევე ანალოგის მეთოდები. ევროპისა და დასავლეთ აზიის რეგიონებში არსებული ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის სეზონური პროგნოზები დგება ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიისა და ამერიკის პროგნოსტიკული ცენტრების მოდელების საფუძველზე. ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალიურობის შესახებ ინფორმაციის დასადასტურებლად. სხვადასხვა წყაროებით გავრცელებული პროგნოზი შესაძლოა, მხოლოდ ცალკეულ მეცნიერთა ვარაუდს წარმოადგენდეს, შესაბამისად, მათი ოფიციალურ წყაროდ გამოყენება შეუძლებელია”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
შეგახსენებთ, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” წარმომადგენელმა ნინო ჩხობაძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით წლევანდელი ზამთარი განსაკუთრებით ცივი იქნება, რასაც მოწმობს ევროპელი ექსპერტების პროგნოზები.
“წლევანდელი ზამთარი უკვე ცივია. დაიდო ევროპული პროგნოზი და ტემპერატურა ძალიან დაეცემა, გოლფსტრიმმა უკვე შეიცვალა მიმართულებები – ეს ნიშნავს, რომ გამყინვარება იწყება ევროპის კონტინენტზე. მე მაქვს ინფორმაცია, რომ სომხეთის ჰიდრომეტცენტრმა გააკეთა განცხადება და არის ძალიან არასახარბიელო პროგნოზები, რომ ერევანში -30 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა. როგორც წესი ჩვენთან, მინუს 10 გრადუსია სომხეთთან შედარებით, ასე რომ თბილისში -20 გრადუსს უნდა ველოდოთ, რაც არის სერიოზული პრობლემაა თბილისისთვის და ზოგადად საქართველოსთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც მშენებლები გვეუბნებიან, რაზეც ითვლება მშენებლობა ქალაქში, არის -8 გრადუსი ტემპერატურა, შესაბამისად მთელი ინფრასტრუქტურა, რაც გათვლილია -8 გრადუსზე, ხანგრძლივად ვერ გაუძლებს -15 გრადუს ტემპერატურას და სერიოზული ზიანი მიადგება ინფრასტრუქტურას” – ამბობს ნინო ჩხობაძე.