სოსო ოსორაულის ოჯახი ითხოვს სპეციალურმა ჯგუფმა კონგოში ვითარება შეისწავლოს
ამჯერად მათ მიმართეს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, შეიქმნას ჯგუფი, რომელიც გაემგზავრება კონგოში და ადგილზე შეისწავლის სოსო ოსორაულთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
”საგარეო საქმეთა სამინისტრო გვეუბნება, რომ სოსო ოსორაული დაღუპულია, თუმცა კონგოში მყოფი ქართველებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ იგი ცოცხალია. თითქმის ერთი წელია, რაც არანაირი შედეგი არ არის და ეს ვითარება ასე გრძელდება. ჩვენ მივმართავთ შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს, შექმნან ჯგუფი, გაემგზავრონ კონგოში და ადგილზე შეისწავლონ ვითარება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ ჯგუფში ვიყო მეც”,- განუცხადა knews.ge-ს სოსო ოსორაულის ძმამ, გიორგი ოსორაულმა.
სოსო ოსორაულის შვეულმფრენმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ავარია 27 იანვარს დავალების შესრულების დროს განიცადა. ოსორაული ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში, უგანდისა და რუანდის საზღვართან, ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზით ჩამოვარდა. ახმეტელი მფრინავი ამბოხებულთა ჯგუფის ადგილმდებარეობის დასადგენად მიდიოდა. ის ამბოხებულებმა ტყვედ აიყვანეს.